მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ბათუმის წითელი ჯვრის ინიციატივით, პირველადი დახმარების ტრენინგები ჩაუტარდათ ბაღის გიდებს, ელექტრომობილის მძღოლებსა და დაცვის თანამშრომლებს, რომელიც მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას.

ტრენინგიდან ორი თვის შემდეგ, ელექტრომობილის მძღოლმა, მინდია შაინიძემ სამსახურებრივ მოვალეობის შესრულების დროს, ერთ-ერთი თურქი ტურისტი უგონო მდგომარეობიდან, სწორედ, ტრეინინგების წყალობით გამოიყვანა, - "მივედი დაზარალებულთან და თავდაპირველად, ნასწავლის შესაბამისად, დავიწყე სასუნთქი გზის გახსნა, გადავაწევინე თავი, რის შედეგადაც დაიჭიმა ენის კუნთი და გაეხსნა სასუნთქი გზა, ამ შემთხვევაში ეტყობა სასუნთქ გზას ენა ახშობდა. გავუხსენი სასუნთქი გზა და ასე გადავარჩინე ის პიროვნება", - მოგვიანებით ასე იხსენებს მინდია იმ დღეს, როდესაც საქართველოს წითელი ჯვრის პირველი დახმარების ტრენერების წყალობით, ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა...

საქართველოს წითელი ჯვრის ბათუმის ფილიალმა, პირველი დახმარების ტრენინგების პრაქტიკაში გამოყენებისა და ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის, მინდია შაინიძეს მადლიერების ნიშნად სიგელი, პირველი დახმარების წიგნი, ფლაერი და სპეციალური სუვენირი გადასცა.