23 აპრილს ოფიციალურად გაიხსნა ბაღებისა და საბაღო ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა "Expo 2016 Antalia" (თურქეთი, ანტალია), სადაც საქართველო, ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა წარადგინა.

გამოფენის ოფიცილაური გახსნის ცერემონიალში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ერმაკოვის და მერის მოადგილის ალექსანდრე მითაიშვილის გარდა, მონაწილეობა მიიღეს ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ, დირექტორის მოადგილემ ლევან დავითაძემ და ბაღის თანამშრომლებმა: ნინო მემიაძემ, სოფო სარხანიძემ და ლანა კოდანოვმა.

ნიშანდობლივია, რომ გამოფენა, რომლის სოლოგანიც „ბავშვები და ყვავილები“ გახლავთ, სწორედ 23 აპრილს - თურქეთში ბავშვთა დღეს გაიხსნა. "Expo 2016 Antalia"-ს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ახლებური ხედვის ჩამოყალიბება მდგრადი განვითარების პირობებში უფრო ეკოლოგიური სამყაროს შესაქმნელად, რომელიც გაჯერებული იქნება ბავშვების კისკისითა და ყვავილების დამათრობელი არომატით. ესაა საერთაშორისო მნიშვნელობის ხელოვნურად გაშენებული ვეებერთელა (112 ჰა) „საბავშვო კუნძული“ თავისი ტბებით, შადრევნებით, ატრაქციონებით, საკონცერტო და საგამოფენო სივრცეებით, რესტორნებით, ჩაიხანებით, უამრავი სხვა რეკრიაციული და რეკრეატიული სივრცეებით.

საქართველოს კუთხე, ამ უდიდეს საგამოფენო სივრცეში, სხვა ქვეყნებთან შედარებით მოკრძალებულადაა წარმოდგენილი, როგორც ტერიტორიის სიმცირით, ასევე სისადავით, თავისი ბუნებრივი მცენარეული ჰაბიტატებითა და ეთნოგრაფიული ელემენტებით.

ბაღებისა და საბაღო ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა - "Expo 2016 Antalia" 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება.