2015 წლის I სექტემბერს დაწყებული სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად ბათუმის ბოტანიკურ ბაღში განხორციელდა ორგანიზაციის სტრუქტურის ხელახალი ფორმირება და მასთან დაკავშირებული საკადრო ცვლილებები. 29 სექტემბერს ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ ბაღის პერსონალს წარუდგინა ახალი სტრუქტურული მოწყობა და ცალკეული სტრუქტურული ერთეულების ახალი ხელმძღვანელები.

I ოქტომბრიდან, ბაღს ხანგრძლივი პაუზის შემდგომ ეყოლება ლანდშაფტის არქიტექტორი, ამ პოზიციაზე დაინიშნა ნინო გამხოშვილი, რომელიც აჭარის სივრცითი მოწყობის სამუშაო ჯგუფში ლანდშაფტის არქიტექტორია.

ბაღის ბიოუსაფრთხოების განყოფილებას უხელმძღვანელებს მირანდა წეროძე, აქამდე იგი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგნტოში საქმიანობდა;

ახალი უფროსი ჰყავს დაცვისა და უსაფრთხოების განყოფილებას, მას პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი მერაბ გოგიბერიძე უხელმძღვანელებს.

ბაღის სანერგე და სასათბურე მეურნეობას გამოეყო კომერციული სანერგე და მისი ხელმძღვანელი თენგიზ ტარიელაძე გახდა, იგი მანამდე აღნიშული მეურნეობის აგრონომი იყო.

მცენარეთა ინტროდუქციის განყოფილების ბაზაზე, ასევე მცენარეთა დაცვისა და მებაღეობა-სელექციის განყოფილების გარკვეული ნაწილის შერწყმის შედეგად შეიქმნა ეგზოტურ მცენარეთა კოლექციის დეპარტამენტი, მის უფროსად დაინიშნა ინტროდუქციის განყოფილების მთავარი სპეციალისტი გია ბოლქვაძე, ამავე დეპარტამენტში მეთესლეობის სექტორის ხელმძღვანელად დაინიშნა ნანა აბაშიძე, რომელიც მანამდე ამავე სექტორის წამყვანი სპეციალისტი იყო.

ახალი ხელმძღვანელი ჰყავს ადგილობრივი ფლორის დაცვისა და კონსერვაციის დეპარტამენტს, მას დავით ხარაზიშვილი, მანამდე ამავე სტრუქტურული ერთეულის მთავარი სპეციალისტი უხელმძღვანელებს.

მარკეტინგის დეპარტამენტს კვლავ ანინა დევაძე, ხოლო სამეურნეო და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტს, რომელსაც მიუერთდა სატრანსპორტო განყოფილება, ისევ ლაშა მიქელაძე უხელმძღვანელებს.

სტრუქტურული ერთეულის სახით აღარ იარსებებს სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომელიც I ოქტომბრიდან ბაღის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში იქნება და მას საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი ჯემალ წულუკიძე უხელმძღვანელებს.

ბაღის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ვაკანსია ცხადდება ლანდშაფტური განაშენიანებისა და მეყვავილეობის დეპარტანეტის უფროსის, ბაღის საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორისა და მარკეტინგის დეპარტამენტში, გაყიდვების კოორდინატორის პოზიციაზე, ასევე საფინანსო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებაში, ბუღალტრის პოზიციაზე.

დღესვე განისაზღვრა ახალი სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებები და გარდამავალი დავალებები. ცვლილებები I ოქტომბრიდან ამოქმედდება.