დღეს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ზედა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ გაიმართა უკვე ტრადიციადქცეული ხილის გამოფენა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბათუმის ბოტანიკური ბაღის ეგზოტური და ადგილობრივი ფლორის საკვებად ვარგისი, 30 სახეობისა და ფორმის ციტრუსი და 50-მდე სახეობის ხეხილ-კენკროვნები. მოწვეულ სტუმრებს და უცხოელ ვიზიტიორებს საშუალება ჰქონდათ მოეხდინათ როგორც ნედლეულის, ასევე მისგან დამზადებული პროდუქციის დეგუსტაცია.
გამოფენის მონაწილეებს მიესალმა ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირაკლი არჩაია, რომელმაც მოკლედ ისაუბრა გამოფენის მნიშვნელობაზე და იმ ტრადიციაზე, რომელიც ამ კუთხით, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს გააჩნია.
ხილის გამოფენას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად დაესწრო.
„მსგავსი ინიციატივები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის. ბოტანიკური ბაღი არის ჩვენი რეგიონის სავიზიტო ბარათი. დღეს ბოტანიკურ ბაღში არაჩვეულებრივი ღონისძიება ჩატარდა. ეს არის ქართული, ჩვენი ხილის ფესტივალი, რაც ხელს უწყობს ჩვენი რეგიონის განვითარებას, ცნობადობის ამაღლებას, ზრდის ტურისტების რაოდენობას“-აღნიშნა თავის გამოსვლაში მთავრობის თავმჯდომარემ.
სტუმართა შორის იყვნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, აჭარის, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების, ბათუმის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები.