ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ციტრუსოვანთა ნაყოფის მოსავლის აღება 10 დეკემბერს დაიწყო და სავარაუდოდ, მომავალ კვირას დასრულდება.

ამ ეტაპისათვის მოკრეფილია 4 ტონამდე მანდარინი და 2 ტონამდე ფორთოხალი.

ბაღის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა ფიზიკურმა პირმა თემური ზოიძემ, რომელმაც ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთარი ძალებით უნდა უზრუნველყოს 9 ტონამდე სხვადასხვა სახის ციტრუსის მოსავლის აღება.

შემსყიდველს მიეცა ექსკლუზიური უფლება, 2016 წლის ტურისტული სეზონის პერიოდში, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე რეალიზება გაუკეთოს სხვადასხვა სახის უალკოჰოლო სასმელებს და ნატურალურ წვენებს.

იმ შემთხვევაში, თუ ნატურალური წვენი დამზადებული იქნება ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე დაკრეფილი ციტრუსისაგან, პროდუქციაზე იქნება მინიშნება, რომ იგი დამზადებულია ბათუმის ბოტანიკური ბაღის ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისაგან.