3 ოქტომბერს, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, საქართველოში სტუმრად მყოფ საერთაშორისო დენდროლოგიური საზოგადოების სამეცნიერო ექსპედიციის წარმომადგენლებს მასპინძლობდა, რომლის ხელმძღვანელებიც გახლავთ დოქტორი ჰარიეტვ ტაპერი (ლონდონი, ინგლისი, ამ საზოგადოების ყოფილი დირექტორი, ამჟამად ამ საზოგადოების საგანმანათლებლო და სამეცნიერო ექსპედიციების ხელმძღვანელი) და დოქტორი ვიქტორ კუზევანოვი (ირკუტსკი, ციმბირი, რუსეთი, საერთაშორისო დენდროლოგიური საზოგადოების მუდმივი საპატიო წევრი, ირკუტსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, საზოგადოებრივი პალატის თავმჯდომარე ქალაქ ირკუტსკში, ირკუტსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი დირექტორი და სამეცნიერო ხელმძღვანელი, აღმოსავლეთ აზიის (რუსეთის აღმოსავლეთის ნაწილი, ჩინეთი, იაპონია, კორეა, ტაივანი, სინგაპური, ჰონკონგი, მონღოლეთი, და ა.შ.) საერთაშორისო ბოტანიკური ბაღების ქსელის ყოფილი-პრეზიდენტი.

ბაღის ადმინისტრაციაში, საპატიო სტუმრების მიღებისას, ბაღის დირექტორმა, ირაკლი არჩაიამ მადლობა გადაუხადა ექსპედიციის თითეულ წევრს ბაღში სტუმრობისათვის. მან ისაუბრა იმ წარმატებებზე, რასაც ბოტანიკურმა ბაღმა უკანასკნელ წლებში მიაღწია. ირაკლი არჩაიამ სტუმრებს დეტალურად გააცნო გოდერძის ალპური ბაღის განვითარების და იმ მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ, რომლებიც ბოლო პერიოდში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდება.

„დღეს, ბაღს გააჩნია გაწერილი და დოკუმენტირებული პერსპექტიული ხედვები საერთაშორისო ურთიერთობების და კავშირების, ტურისტული პოტენციალის, ეკონომიკური საქმიანობის, სტრუქტურული ქმედუნარიანობის და პროფესიონალი ადამიანური რესურსების განვითარებასთან მიმართებაში“, აღნიშნა ბაღის დირექტორმა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, სტუმართა მხრიდან, ცალსახად გამოითქვა აზრი იმის შესახებ, რომ ბათუმის ბოტანიკური ბაღი საქართველოს ყველაზე ძლიერი გარემოსდაცვითი წარმომადგენელია, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი უძველესი და უძლიერესი სამეცნიერო, საგანმანათლებლო, გარემოსდაცვითი ობიექტი, რომლის მზარდი რეპუტაცია მსოფლიოშია ცნობილი.

ბაღის ადმინისტრაციაში შეხვედრის შემდეგ, სტუმრები იმყოფებოდნენ ბაღის დამაარსებლის, ა. კრასნოვის საფლავთან, სადაც პატივი მიაგეს მის ხსოვნას. დაათვალიერეს ბაღის ფლორისტული სიმდიდრე, გაისეირნეს ელექტრომობილებით და გიორგი გაბრიჩიძის სახელობის ზღვისპირა პარკში სიმბოლურად დარგეს რამოდენიმე ძირი მცენარე- Ginko biloba.

უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო დენდროლოგიური საზოგადოება არის ერთ-ერთი უძველესი სამეცნიერო და გარემოსდაცვითი საზოგადოება ინგლისში და მსოფლიოში, აერთიანებს განვითარებულ ქვეყნებს (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ჰოლანდია, ავსტრალია, რუსეთი, ახალიზელანდია, ბელგია, იტალია, შვეიცარია, თურქეთი და ა.შ.), რომელიც ხელს უწყობს ხეების შესწავლასა და გამოყენებას და ცდილობს შეინარჩუნოს იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობები.

საზოგადოების მიზანი იყო და რჩება - ხელი შეუწყონ ტყის მცენარეებისა და ბუჩქების შესწავლას და დაიცვან ის მცენარეები, რაც იშვიათი და გადაშენების საფრთხის წინაშეა.