ამერიკის შეერთებულ შტატებში ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორის, თამაზ დარჩიძის და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების კოორდინატორის, ზურაბ მანველიძის საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, 4-5 მაისს, შედგა კიდევ ერთი დაგეგმილი შეხვედრა, ამჯერად აშშ-ს ეროვნულ არბორეტუმში, რომელიც დედაქალაქ ვაშინგტონში მდებარეობს და ერთ-ერთი უდიდესია.

არბორეტუმის ახალ დირექტორთან, დოქტორ რიჩარდ ოლსენთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრისას, მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებები, სადაც გამოიკვეთა ამერიკული მხარის ინტერესი კოლხეთის ფლორის შესწავლისადმი, ბაღის წარმომადგენლები კი დაინტერესდნენ როდოდენდრონებისა და მაგნოლიების კოლექციით, რითაც გამორჩეულია ვაშინგტონის არბორეტუმი, ასევე მნიშვნელოვან ამოცანად იქნა მიჩნეული ჩრდილოეთ ამერიკის მერქნიან მცენარეთა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შემდგომი ინტროდუქციის მხარდაჭერა, - კოლექციის აღდგენისა და განახლების მიზნით.

ასევე საუბარი შეეხო ბაღების საქმიანობის რიგ მნიშვნელოვან საკითხებსაც, მათ შორის ჩვენი ბაღის უკანასკნელი წლების სიახლეებს მცენარეთა კოლექციების, კვლევის, მენეჯმენტის, პროგრამული დაგეგმარების, ტურიზმისა და განათლების სფეროებში...საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსაც, განსაკუთრებით, მიმდინარე წლის 6-7 ივნისს, ბათუმში დაგეგმილ სამუშაო შეხვედრას.
არბორეტუმის დირექტორთან ერთად, თამაზ დარჩიძემ და ზურაბ მანველიძემ მოინახულეს ბონსაის კოლექცია, რომელიც აშშ-ს ეროვნულ საგანძურს წარმოადგენს და გამოირჩევა განსაკუთრებული სახეობრივი მრავალფეროვნებითა და ხანდაზმულობით.
აშშ-ს ეროვნულ არბორეტუმთან საქმიანი კონტაქტების დამყარება ხელს შეუწყობს ბათუმის ბოტანიკური ბაღის ჩართულობას საერაშორისო კვლევით პროგრამებში და კოლექციის განახლებას. აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს, ეროვნული ერბორეტუმის წარმომადგენლები ეწვევიან ბათუმის ბოტანიკურ ბაღს.