მიმდინარე წლის 21 ივნისს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს ეწვივნენ მიუნხენ- ნიმფეჰბურგის ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო კურატორი, დოქტორი ანდრეას გრეოგერი და დოქტორი ვოლფრამ ლობინი (ბონის უნივერსიტეტის ბოტანიკური ბაღის ყოფილი კურატორი, 2017 წლიდან ემერეტუსი, რომლებმაც ვიზიტის პერიოდში მონაწილეობა მიიღეს ერთობლივ ბოტანიკურ ექსპედიციებში აჭარის ტყის ეკოსისტემებში, გოდერძის ალპური ბაღის საპროექტო ტერიტორიაზე და ეგრისის ქედზე (სამეგრელოს რეგიონი).

2017 წლის 27 ივნისს, სტუმრების მიერ ბაღის სამეცნიერი პერსონალისათვის ჩატარდა სემინარი ბოტანიკურ ბაღებს შორის მცენარეთა გაცვლის საერთაშორისო პროგრამის (The International Plant Exchange network (IPEN)) საკითხებზე.

დოქტორმა ანდრეას გრეოგერმა ბაღის თანამშრომლებს გააცნო თანამედროვე ბოტანიკური ბაღების მოქმედების სტრატეგიები. ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის 1993 წელს მიღებული გადაწყვეტილებისა და ნაგოიას 2010 წლის პროტოკოლის მიხედვით, ბოტანიკურ ბაღებს დაეკისრათ შემდეგი ამოცანები: მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, კვლევა და სწავლება, ბუნებისა და მცენარეთა სახეობების დაცვა.

ამ ამოცანების და მიზნების განხორციელებაში დიდი წვლილი მიუძღვის IPEN-ში მონაწილე ბოტანიკურ ბაღებსა და დაწესებულებებს, რომლებიც მცენარეული მასალის გაცვლის, გენეტიკური რესურსების კვლევის სისტემით შეესაბამება ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის (CBD) მოთხოვნებს, რაც გენეტიკური რესურსების კონსერვაციის საუკეთესო საშუალებაა.

მცენარეთა გაცვლის საერთაშორისო ქსელი (IPEN) არეგულირებს ბოტანიკურ ბაღებს შორის სათესლე მასალის გაცვლას, დოკუმენტირებას, კვლევას. ეს უწყვეტი ჯაჭვია, რომელიც უზრუnველყოფს პროცესების გამჭვირვალობას, სათესლე მასალის მიღებისა და გადაცემის სტანდარტიზაციას, სათესლე მასალის იდენტიფიკაციას და გრძელვადიან პარტნიორულ, არაკომერციულ ურთიერთობას ბოტანიკურ ბაღებს შორის.

მცენარეთა გაცვლის საერთაშორისო ქსელში ჩართულია საქაეთველოს 2, გერმანიის 48, ჰოლანდიის 20, შვეიცარიის 14, იტალიის 11, საფრანგეთის 10, ესპანეთის 10, ავსტრიის 9, პორტუგალიის 8, დიდი ბრიტანეთის 7. ბელგიის 3, ფინეთის 3, საბერძნეთის 3, შვედეთის 3, უნგრეთის 3, ისლანდიის 2, ხორვატიის 2, ლიტვის 2, რუმინეთის 2, რუსეთის 2, ლუქსემბურგის 1, ჩეხეთის 1, ა. შ.შ.-ის 4, არგენტინის 4, ისრაელის 2, ახალი ზელანდიის 1 ბოტანიკური ბაღი და დაწესებულება.

ბათუმის ბოტანიკური ბაღის მეთესლეობის ფონდი 2013 წლიდან აქტიურად არის ჩაბმული მცენარეთა გაცვლის საერთაშორისო ქსელში, რომლის საშუალებით თესლების გაცვლითი პროგრამით ურთიერთობა აქვს ამერიკის, ევროპის და აზიის ქვეყნების 200 ბოტანიკურ ბაღთან და უნივერსიტეტთან, რომლებთანაც აკავშირებს არაკომერციული თანამშრომლობა.

ანდრეას გრეოგერისა და ვოლფრამ ლობინის სემინარისაგან მიღებული ცოდნა მაღალი კონსერვაციული ღირებულებების მქონე სახეობების თესლების გაცვლის შესახებ და ამ ცოდნის განხორციელება დიდ შესაძლებლობას მისცემს ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, გააღრმავოს ურთიერთობები მსოფლიოს სხვადასხვა ბოტანიკურ ორგანიზაციებთან, რაც შეესაბამება ბიომრავალფეროვნების კონვენციის მიერ აღიარებულ და ბოტანიკურ ბაღებში მცენარეთა კონსერვაციის საერთაშორისო საბჭოს პროგრამებით განსაზღვრულ მიზნებსა და სამოქმედო გეგმას.