2017 წლის 11 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით, ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და მიუნჰენ-ნიმფჰენბურგის ბოტანიკურ ბაღს (გერმანია) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, გოდერძის ალპურ ბაღს სამუშაო ვიზიტით სტუმრობდა მიუნჰენ-ნიმფჰენბურგის ბოტანიკური ბაღის მებაღე (ქვის ბაღების სპეციალისტი) ჰელმუთ ვიისმეთი, რომელიც ბოტანიკურ ბაღს ალპინარიუმის ფრაგმენტის მშენებლობაში დაეხმარა.

ალპინარიუმი (ქვის ბაღი) ალპური ბაღის ძირითადი ელემენტია, ამიტომ მისი სწორი დაგეგმარება და მშენებლობა მნიშვნელოვანი კომპონენტია.

ჰელმუთ ვიესმეთის ალპურ ბაღში ვიზიტის დროს განხორციელდა:

- როკარიუმის პროექტირება (გრაფიკული დაგეგმარება, ესკიზის მომზადება).

- როკარიუმის მშენებლობისათვის შეირჩა ვარგისი, სათანადო ზომების, ფორმის და ზედაპირის მქონე ვულკანური წარმოშობის ე.წ. „ჯიბეებიანი ქვები“.

- ნიადაგის ზედაპირის მომზადება (სხვა სახეობებისაგან გათავისუფლება), ნიადაგის სუბსტრატის მომზადება.

- როკარიუმის ქვათაწყობის კომპოზიციების შექმნა.

- როკარიუმზე დასარგავ მცენარეთა ასორტიმენტის განსაზღვრა და მათი გაადგილების სქემის შემუშავება.

- ადგილობრივი სპეციალისტების გადამზადება.

ამჟამად დასრულებულია ალპინარიუმის მოწყობითი სამუშაოების სამი ფრაგმენტი (საერთო ფართის შვიდი პროცენტი) და მისი მშენებლობა, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სპეციალისტების დახმარებით მომავალი წლიდან გაგრძელდება.

ალპინარიუმის მშენებლობის დასრულებას სავარაუდოდ ხუთი წელი დასჭირდება, ხოლო მასში მცენარეთა კოლექციის თავმოყრას ათი წელი.