გვარ „კამელიის“ სახეობების და ჯიშების პოპულარიზაციისა და დაინტერესებული პირებისათვის მათი გაცნობის მიზნით, 2015 წლის 11 მარტს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა კამელიების გამოფენა-გაყიდვა, სადაც მოწვეული იყვნენ კამელიაზე მომუშავე სპეციალისტები, ბათუმის მერიისა და საკრებულოს, ტურისტული სააგენტოების, პარტნიორი ბოტანიკური ბაღების წარმომადგენლები, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და დაინტერესებული პირები.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის ბოტანიკური ბაღის დეკორატიული მებაღეობისა და მეყვავილეობის განყოფილების ღონისძიებათა პროგრამის ფარგლებში, 2014 წლიდან მიმდინარეობს ბოტანიკური ბაღის კოლექციაში, გვარი „კამელიის“ დაუზუსტებელი ჯიშების რკვევა. დღეისათვის გარკვეულია იაპონური კამელიის 78 და მთის კამელიის 18 ჯიში. გარდა ამისა, კოლექციაში ირიცხება კიდევ ორი სახეობა: Camellia oleifera და C. Reticulate. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბაღს აქვს უდიდესი გამოცდილება იაპონური კამელიის სელექციაში და გამოყვანილია მაღალი ღირსების მრავალი ჰიბრიდული ფორმა.

გამოფენა-გაყიდვაზე სიტყვით გამოვიდა და ამ კუთხით ბაღის გაწეულ აქტივობებზე მოწვეულ საზოგადოებას ესაუბრა ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე.

აღნიშნული ღონისძიება, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია მოწვეულ სტუმრებში, ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ბოტანიკური ბაღის ცნობიერების გაზრდას, კერძოდ, კი ბაღის კოლექციაში არსებული გვარ „კამელიის“ ჯიშებისა და ფორმების გავრცელებას მოსახლეობასა და დასახლებული პუნქტების გამწვანებაში.