გვარ „კამელიის“ სახეობების და ჯიშების პოპულარიზაციისა და დაინტერესებული პირებისათვის მათი გაცნობის მიზნით, 2018 წლის 11 მარტს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ზედა პარკის პანორამულ გადასახედთან გაიმართა კამელიების გამოფენა-გაყიდვა, რომელსაც დაესწრნენ კამელიაზე მომუშავე სპეციალისტები, უცხოელი კოლეგები, დიპლომატიური კორპუსის, აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ქ. ბათუმის მერიისა და საკრებულოს, ტურისტული სააგენტოების, პარტნიორი ბოტანიკური ბაღების წარმომადგენლები, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და დაინტერესებული საზოგადოება.

მოწვეულ სტუმრებს და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და აღნიშნული გამოფენის მნიშვნელობაზე ისაუბრა ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ.

მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ტადაჰარუ უეჰარა, იაპონიის მებაღეთა ასოციაციის ბორდის დირექტორი, იაპონიის ლანდშაფტის კონტრაქტორთა ბორდის დირექტორი, დოქტორი ტაკუჰირო იამადა, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლეილა სურმანიძე.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო იაპონური კამელიის 80-მდე ჯიში და 30-მდე ჰიბრიდული ფორმა.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბაღს აქვს უდიდესი გამოცდილება იაპონური კამელიის სელექციაში და გამოყვანილია მაღალი ღირსების მრავალი ჰიბრიდული ფორმა.

აღნიშნული ღონისძიება, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია მოწვეულ სტუმრებში, ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ბოტანიკური ბაღის ცნობიერების გაზრდას, კერძოდ, კი ბაღის კოლექციაში არსებული გვარ „კამელიის“ ჯიშებისა და ფორმების გავრცელებას მოსახლეობასა და დასახლებული პუნქტების გამწვანებაში.