დღეს მსოფლიოს ბოტანიკური ბაღებისათვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მცენარეთა სახეობების მრავალფეროვნების შესწავლა, დაცვა და კონსერვაციაა. ბათუმის ბოტანიკური ბაღი 1998 წლიდან BGCI წევრია და განუხრელად იცავს და მიჰყვება ამ ორგანიზაციის მიერ დასახულ მიზნებს და ამოცანებს. ამდენად, ბათუმის ბოტანიკური ბაღისათვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ადგილობრივი ფლორის მონიტორინგი, იშვიათი და ქრობადი სახეობების გამოვლენა, მათი დაცვა-შენარჩუნება, ასევე ბაღში ადგილობრივი ფლორის სახეობათა კოლექციის წარმოჩენა.

მრავალწლიანი მუშაობის შედეგებმა ცხადყო, რომ მაღალმთის მცენარეები ძნელად ეგუებიან აჭარის შავი ზღვისპირეთის ბუნებრივ პირობებს, ამდენად მათი კოლექციის წარმოჩენა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია.

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, გადაწყდა ბათუმის ბოტანიკური ბაღის ბაზაზე დაარსდეს ალპური ბაღი, სადაც წარმოდგენილი იქნება პირველ რიგში აჭარის მაღალმთისთვის დამახასიათებელი ფლორის სახეობრივი და ეკოსისტემების მრავალფეროვნება.

გოდერძის უღელტეხილთან მიმდებარედ გამოიყო შესაბამისი ტერიტორია, რომელიც 10 ჰა ფართობს მოიცავს და სადაც ამჟამად ბუნებრივად არის როგორც ტყის, ასევე კლდე-ნაშალების, ტბორის და ჭარბტენიანი მდელოს ჰაბიტატები. დღეს ეს ჰაბიტატები დეგრადირებული სახითაა წარმოდგენილი, მაგრამ შემოღობვის შემდეგ, არსებული ჰაბიტატები აღსდგება და ამავდროულად ეტაპობრივად მოხდება შევსება სხვა ქედებიდან შემოტანილი სახეობებით.

ამ საშვილიშვილო და მეტად მნიშვნელოვანი საქმის განხორციელებაში ბათუმის ბოტანიკურ ბაღს მხარში უდგას შ.პ.ს. „აჭარისწყალი ჯორჯია“და საერთაშორისო ორგანიზაცია MercyCorp“; ამ უკანასკნელის დაფინანსებით, ალპური ბაღის სწორი დაგეგმარების და შემდგომში მენეჯმენტისათვის, ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან შეირჩა და გერმანიაში გაიგზავნა ალპური ბაღის მომავალი მენეჯერი, ბაღის ადგილობრივი ფლორისა და კონსერვაციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი თემურ ვასაძე, რომელმაც ორ კვირიანი კურსი გაიარა გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში, მიუნხენ-ნიუმფერბურგის და ბონის ბოტანიკურ ბაღებში, ასევე შახენის ალპურ ბოტანიკურ ბაღში.

ბოტანიკურ და ალპურ ბაღებში - შახენში მიღებული გამოცდილება დიდად დაგვეხმარება შემდეგში ახალი ალპური ბაღის სწორი დაგეგმისა და წარმატებული ფუნქციონირებისათვის.

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ გოდერძის ალპურ ბაღს აქვს განვითარების დიდი პოტენციალი, რაც ერთობ სასიკეთო იქნება, პირველ რიგში ადგილობრივი ფლორის მრავალფეროვნების შენარჩუნებისა და წარმოჩენისათვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისათვის.