31 მარტს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში სტუმრად იმყოფებოდნენ მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკური ბაღის დირექტორი ალექსეი რეტეიუმი, სუბტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეის კურატორი სერგეი ისაევი და ლადშაფტის არქიტექტორი არტიომ პარშინი.

ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ამ ორგანიზაციასთან ბათუმის ბოტანიკურ ბაღს თანამშრომლობის საუკუნოვანი ისტორია აკავშირებს; განსაკუთრებით აღსანიშნავია 1993-2000 წლებში მათი წარმომადგენლების, პროფესორების: ანდრეი ხოხრიაკოვის და მაია მაზურენკოს აქტიური ჩართულობა აჭარა-შავშეთის ფლორის ინვენტარიზაციის და სახეობრივი მრავალფეროვნების თანამედროვე სისტემატიკური ნომენკლატურით ჩვენს სპეციალისტებთან ერთად წარმოჩენაში, ასევე მაღალი რეიტინგის სამეცნიერო ჟურნალებში ერთობლივ პუბლიკაციებში და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ თანამშრომლობის პერიოდში მოპოვებული ადგილობრივი ფლორის ჰერბარიუმის ტიპიური ნიმუშების მოპოვებაში და დაცვაში მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰერბარიუმის ფონდში.

სტუმრები შეხვდნენ მცენარეთა ინტროდუქციის განყოფილების თანამშრომლებს, გაეცნენ მეთესლეობის ლაბორატორიის მუშაობას, დაათვალიერეს ბაღის საკოლექციო ნაკვეთები და სასათბურე მეურნეობა.

აღნიშნული ვიზიტის მიზანი წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ურთიერთობების განახლება გახლდათ, რომელიც უახლოეს პერსპექტივაში მოიცავს მცენარეთა საკონსერვაციო და საკოლექციო ნაკვეთების გამდიდრებისათვის თესლების და ცოცხალი ეგზემპლარების ურთიერთ გაცვლას, ეკოსაგანმანათლებლო მიმართულებით გამოცდილების და მეთოდოლოგიური მიდგომების ურთიერთ გაზიარებას.

სამომავლო ურთიერთობებში, მნიშვნელოვან ადგილს დაიჭერს ბათუმის ბოტანიკური ბღის მხარდაჭერა და თანადგომა ტენიანი სუბტროპიკული კლიმატის მცენარეთა კოლექციების შევსებაში, და კოლხური ფლორის საჩვენებელ-სგანმანათლებლო საკოლექციო ნაკვეთის დაარსებაში.