დღეს, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ერმაკოვმა, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორთან ირაკლი არჩაიასთან ერთად ბაღში დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

აღნიშნული სამუშაოები ქვედა პარკში მიმდინარე წლის აპრილის თვის დასაწყისში, ტურისტული სეზონის დაწყებამდე დაიწყო და ივლისის ბოლოს დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, ქვედა პარკში რეაბილიტირებულ იქნა დაზიანებული სამარშრუტო გზა და მოეწყო ბეჭდური ბეტონის საფარი, ბილიკები მოიკირწყლა ბეტონის დეკორატიული ფილებით, პარკის ტერიტორიაზე მოეწყო ოთხი მოსასვენებელი სივრცე, სადაც მსურველებს უახლოეს პერიოდში შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ უფასო WI-FI-ით, ასევე განთავსებულ იქნა საბაღე დეკორატიული სკამები და სანაგვე ურნები.

პარკის ტერიტორიაზე აგრეთვე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, მიწისქვეშ გატარდა ელექტრო და ოპტიკურბოჭკოვანი სადენები. პარკის ტერიტორიაზე დამონტაჟდა ახალი დეკორატიული საპარკე ტიპის განათების ბოძები და ვიდეოსამეთვალყურეო კამერები.