2015 წლის 10 მარტს, სასტუმრო „რადისონ ბლუს“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სერთიფიცირებული პროექტის - „უფრო ახლოს ბუნებასთან“ პრეზენტაცია, რომელიც წარადგინა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე.

პროექტის განხორციელებას ბათუმის ბოტანიკური ბაღი 2015 წელს იწყებს, რომელიც გულისხმობს სკოლის მოსწავლეებისათვის სემინარების და სასწავლო-პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარებას ბაღის ტერიტორიაზე. მონაწილეთა შერჩევა მოხდება ქ. ბათუმის ცალკეულ სკოლებში სურვილის მიხედვით. პროექტში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 200-მდე მოსწავლე, რომლებიც გაივლიან 32-საათიან სასწავლო კურსს; ვორქშოფი ჩატარდება შაბათ-კვირას გაზაფხულისა და შემოდგომის სეზონზე. სასწავლო კურში მოიცავს შემდეგ აქტივობებს: სემინარები მცენარეთა მრავალფეროვნებაზე, ჰერბარიუმისა და მეთესლეობის სექტორის გაცნობა, საველე გასვლები ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებებში და ჰერბარიუმის აღება, თესლების შეგროვება, ჰერბარიუმის დამზადება, დარგვის, გასხვლისა და თესვის პროცესში ჩართულობა. პროექტის მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ერმაკოვმა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ნინო გოცაძემ და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

პროექტში აჭარის ცალკეული მუნიციპალიტეტებიდან მოსწავლეთა ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, ამავე დღეს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და „Mercy Corps" შორის.

პროექტის მხარდამჭერია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, პარტნიორი - აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. პროექტი წარდგენილია ბოტანიკურ ბაღებში განათლების შესახებ მე-9 საერთაშორისო კონგრესზე. მისურის ბოტანიკური ბაღი, სენტ-ლუისი, აშშ.

უნდა აღინიშნოს, რომ ეკოსაგანმანათლებლო აქტივობა ახალი მიმართულებაა ბათუმის ბოტანიკური ბაღის საქმიანობაში და მისი მიზანია ახალგაზრდობის, სტუდენტების და ზოგადად, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ბიორმავალფეროვნებისა და გარემოს დაცვის საკითხებში. 2014 წელს უკვე განხორციელდა შემდეგი აქტივობები: სემინარები მცენარეთა მრავალფეროვნებაში, შემეცნებითი ტურები ბაღის ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებებში, ბაღის სახელობითი სტიპენდია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. შემდეგი საფეხური კი საგანმანათლებლო საქმიანობის სისტემური წარმართვაა.