ბათუმის ბოტანიკური ბაღი წელსაც აგრძელებს საგანმანათლებლო პროექტს - „უფრო ახლოს ბუნებასთან“, რომელიც გასულ წელს საკმაოდ წარმატებულად განხორციელდა და მოწონებულ იქნა ბოტანიკურ ბაღებში განათლების შესახებ მე-9 საერთაშორისო კონგრესის (2015 წ.) მიერ (მისურის ბოტანიკური ბაღი, სენტ-ლუისი, აშშ).

საგანმანათლებლო პროექტის პირველი ეტაპი 2 აპრილს დაიწყო და მასში ქ. ბათუმის კერძო და საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო დისციპლინებში აკადემიურად წარმატებული 80 მოსწავლეა ჩართული.

ბათუმის ბოტანიკური ბაღის საკონფერენციო დარბაზში შეკრებილ პროექტის მონაწილე მოსწავლეებს და მოწვეულ სტუმრებს მიესალმნენ: ბათუმის ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი ჯემალ წულუკიძე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლევან დავითაძე, ბათუმის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი გოჩა დავითაძე, ბაღის დირექტორის მოადგილე ბიძინა ფერცელიძე და ბაღის ადგილობრივი ფლორისა და კონსერვაციის დეპარტამენტის უფროსი დავით ხარაზიშვილი, რომლებმაც ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობაზე და წარმატებები უსურვეს პროექტში ჩართულ თითეულ ბენეფიციარს.

პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება (გაზაფხული და შემოდგომა) და მიზნად ისახავს მოზარდ თაობაში ბიომრავალფეროვნების, ბუნებისა და გარემოს დაცვის პროპაგანდას, საბუნებისმეტყველო განათლების ხელშეწყობას. პროექტში ჩართული იქნება აჭარის კერძო და საჯარო სკოლების 170-მდე მოსწავლე, რომლებიც გადანაწილდებიან 8 სასწავლო ჯგუფში და გაივლიან 4 დღიან თეორიულ და პრაქტიკულ კურსს