დღეს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სამუშაო შეხვედრამ - „მცენარეთა კონსერვაციის გლობალური სტრატეგია და ბათუმის ბოტანიკური ბაღი - პრობლემები, გამოწვევები, პრიორიტეტები“.

სამუშაო შეხვედრაში, ბაღის წარმომადგენლების გარდა მონაწილეობენ:

  1. ჯერალდ პაროლი - ბერლინის ბოტანიკური ბაღის მცენარეთა კურატორი;
  2. ალბერტ შტეფენსი - ბერლინის ბოტანიკური ბაღის თესლების კურატორი;
  3. იური ნაუმცევი - ქ. ტვერის უნივერსიტეტის ბოტანიკური ბაღის დირექტორი;
  4. იულიანა სპირინა - ქ. ტვერის უნივერსიტეტის ბოტანიკური ბაღის მცენარეთა კურატორი;
  5. ადილ გიუნერი - სტამბულის ბოტანიკური ბაღის დირექტორი;
  6. ოზგურ ემინაღაოღლუ - ართვინის ჭოროხის უნივრსიტეტის პროფესორი;
  7. ვიტალი კოლომიჩუკი - კიევის ეროვნული უნივერსიტეტის ფომინის სახელობის ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილე;
  8. ნინო გოცაძე - საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი;
  9. შალვა სიხარულიძე - ილიას უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი;
  10. ბორის თვალაძე - ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილე.

შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერმაკოვი.

ბოტანიკური ბაღის დღევანდელობაზე, სიახლეებზე, სამომავლო გეგმებზე, გამოწვევებზე და პრობლემებზე ისაუბრა ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ.

ხვალ, სკაიპის საშუალებით, შეხვედრის მონაწილეებს მიესალმება ბოტანიკურ ბაღებში მცენარეთა კონსერვაციის საერთაშორისო საბჭოს (BGCI) გლობალური პროექტების დირექტორი სუზანა შეროკი.

მოხსენებებისა და მრგვალი მაგიდის დისკუსიების ფორმატში, საერთაშორისო ვორქშოპის მონაწილეები იმსჯელებენ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე პროგრამებზე, ბაღის მცენარეთა კონსერვაციის გლობალური სტრატეგიის მიზნებისა და ამოცანების შესრულების პოტენციურ შესაძლებლობებზე და გზებზე უახლოესი ათწლეულის პერიოდში.

შეხვედრის ფარგლებში ბაღისათვის მომზადდება რეკომენდაციათა პაკეტი.

სტუმრებმა, ღონისძიების დაწყებამდე დაათვალიერეს ბოტანიკური ბაღი, ასევე დაგეგმილია ერთობლივი საველე გასვლები აჭარის მაღალმთიანეთში და დაცულ ტერიტორიებზე.

ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია ბოტანიკურ ბაღებში მცენარეთა კონსერვაციის საერთაშორისო საბჭო (BGCI).

სამუშაო შეხვედრა 4 ივნისს დასრულდება.