2017 წლის 13 ოქტომბერს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა: „საქართველოში გავრცელებული საშიში მავნებლების ინტეგრირებული მართვა“.

სამუშაო შეხვედრა გახსნა, დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და შეხვედრის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ.

თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მიერ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე მცენარეთა დაცვის პროექტის შესახებ ისაუბრა ბაღის ფიტოსანიტარიის განყოფილების უფროსმა მირანდა წეროძემ.

მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვის სამმართველოს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები, ასევე ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის პროფესორი თემელ გოგთურქი, რომლებმაც აუდიტორიას გააცნეს თავიანთი კვლევები საქართველოში გავრცელებული საშიში მავნებლების შესახებ.