4 სექტემბერს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს სტუმრად ეწვია გერმანიის ქალაქ მიუნჰენის ბოტანიკური ბაღის მეცნიერ-კურატორი ანდრეას გრიოგერი.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, ბათუმისა და მიუნჰენის ბოტანიკურ ბაღებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში მხარეები უკვე ერთი წელია აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა საკითხებზე. სამომავლოდ იგეგმება პერსონალის გაცვლა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

ბაღის ადმინისტრაციაში გაიმართა საქმიანი შეხვედრა ბაღის დირექტორთან თამაზ დარჩიძესთან, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ დირექტორის მოადგილე ბიძინა ფერცელიძე და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების კოორდინატორი ზურაბ მანველიძე.

ბაღის დირექტორმა სტუმარს გააცნო ბაღში მიმდინარე სამუშაო პროცესები, საგანმანათლებლო პროექტები, სამომავლო გეგმები და ბაღის წინაშე მდგარი გამოწვევები. საუბარი შეეხო ბაღში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებს, სადაც საინტერესო იყო მიუნჰენის ბოტანიკური ბაღის გამოცდილების გაზიარება, მათი ბაღის სტრუქტურისა და მუშაობის შესახებ ინფორმაციის მოსმენა.

სტუმარმა დაათვალიერა ბოტანიკური ბაღი და ბაღის „ლაბორატორიული კორპუსი“, ადგილზე გაეცნო ჰერბარიუმის ფონდსა და მეთესლეობის სექტორს, გაესაუბრა თანამშრომლებს და მოისმინა მათ წინაშე მდგარი პრობლემები.

გამომშვიდობებისას, სტუმარმა ხაზგასმით აღნიშნა თავისი აღტაცება და კმაყოფილება ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტების, კოლექციის მოვლა-გაზრდის მხრივ გაწეული მუშაოების კუთხით და გამოთქვა სურვილი, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, სამომავლოდ ხანგრძლივად ეწვიოს ბაღს.