დღეს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში პირველად გაიმართა გვიმრების გამოფენა.

გამოფენის, რომელიც ამ კვირის ბოლომდე გაგრძელდება, ძირითადი მიზანია გვიმრების მრავალფეროვნების წარმოდგენა, რომლის კოლექციაც საკმაოდ მრავალფეროვანია ბათუმის ბოტანიკურ ბაღში.

მოწვეულ სტუმრებს და ბაღის დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ გამოფენაზე წარმოდგენილი როგორც ადგილობრივი ფლორის, ასევე ბაღში ინტროდუცირებული 41 სახეობის გვიმრა.

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადგილობრივი ფლორის და კონსერვაციის დეპარტამენტის მიერ ბოლო 3 წლის განმავლობაში ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებაში თავმოყრილია 34 სახეობის ველურად მოზარდი გვიმრის სახეობა.

წარმოდგენილი სახეობებიდან ზოგიერთი მათგანი რელიქტურია, ზოგი ენდემი, იშვიათი გავრცელების არეალის მქონე. რამოდენიმე მათგანს კი დეკორატიული დანიშნულება აქვს. იშვიათად, მაგრამ გვიმრებს იყენებენ ხალხურ მედიცინაშიც.

გამოფენას ესწრებოდნენ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერმაკოვი და თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ქ. ბათუმში იასინ თემიზქანი თანმხლებ პირებთან ერთად.

ცოტა რამ გვიმრების შესახებ:

გვიმრები ჭურჭელბოჭკოვან უმაღლეს მცენარეთა ერთ-ერთი უძველესი ჯგუფია, რომელთა წარმოშობა პალეოზოური ერის დევონურ პერიოდს (დაახლოებით 300 მლნ. წლის უკან.) უკავშირდება. მათი შესწავლა მეტად საინტერესოა ფლორის და მცენარეულობის ჩამოყალიბების და მისი შემდგომი განვითარების შეცნობისათვის.

დღეისათვის მსოფლიოში მცენარეთა ამ უძველესი ჯგუფის დაახლოებით 570 გვარის 15.000 სახეობაა გავრცელებული. გვიმრები სითბოს და ტენის მოყვარული მცენარეებია. მათი უმრავლესობა, 12.000 სახეობა, ტროპიკულ სარტყელში, ხოლო 3.000 ზომიერ სარტყელშია გავრცელებული.

აჭარის ფლორა და მცენარეულობა გამოირჩევა განსაკუთრებული მრავალფეროვნებით და თვითმყოფადობით, რაც განპირობებულია ჯერ კიდევ მესამეულ პერიოდში ჩამოყალიბებული უძველესი მცენარეული დაჯგუფებებით, რელიქტური და ენდემური სახეობებით და მდიდარი ფლორისტული კომპლექსების სიჭარბით. აჭარის ფლორის მრავალფეროვნებაში მნიშვნელოვანი როლი გვიმრებსაც უკავია და 51 სახეობით არიან წარმოდგენილი. მათი გავრცელების არეალი ფართოა, ზღვისპირიდან სუბალპური სარტყლის ჩათვლით.