დღეს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციაში, მოახლოებულ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ბაღის ხელმძღვანელობა სფეროში მოღვაწე ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

„მოხარული ვართ, რომ დღეს მოგვეცა საშუალება, აქტიური ტურისტული სეზონის დაწყებამდე, შეგხვედროდით თქვენ, დარგში მოღვაწე ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს და მოგვესმინა თქვენი შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, რომლებიც გათვალისწინებული იქნება ჩვენს საქმიანობაში, რაც საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო დავხვეწოთ მომსახურებები და დავნერგოთ ახალი სერვისები “-აღნიშნა ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ, რომელმაც მოწვეული სტუმრებისათვის გააკეთა პრეზენტაცია 2017 წლის ბაღის ტურისტული სიახლეების, სერვისების და სამომავლო გეგმების შესახებ.

კონკრეტულ თემებთან, არსებულ პრობლემებთან და გამოწვევებთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს როგორც ბაღის ადმინისტრაციის, ისე ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა.

„ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ საიმისოდ, რომ აქ გამოთქმული საქმიანი შენიშვნები და მოსაზრებები კონკრეტულ პრობლემებთან და არსებული სერვისების დახვეწასთან დაკავშირებით, მაქსიმალურად მცირე დროში იქნეს გადაწყვეტილი და ამ მიმართულებით ბაღის საქმიანობა მთლიანად მორგებული ჩვენი ვიზიტიორების სრული კომფორტის შექმნაზე“-აღნიშნა შეხვედრის დასასრულს ბაღის დირექტორმა, რომელმაც სტუმრებს მადლობა გადაუხადა მობრძანებისათვის და გამოთქვა დიდი სურვილი, რომ მსგავსი შეხვედრები სამომავლოდაც გაგრძელდება და ორმხრივი თანამშრომლობა უფრო ნაყოფიერი გახდება.