დღეს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღის აღსანიშნავად, ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა ქალაქ ბათუმის N26 საჯარო სკოლის ინკლუზიური სწავლების ცენტრის მოსწავლეებს და მათ აღმზრდელ-მასწავლებლებს უმასპინძლა.

ცენტრის აღსაზრდელებთან და პედაგოგებთან ერთად, ბოტანიკურ ბაღში იმყოფებოდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, მინისტრის მოადგილე ირაკლი თავბერიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე.

სტუმრებმა გაისეირნეს ელექტრომობილებით, დაათვალიერეს ბათუმის ბოტანიკური ბაღის ფიტოგეოგრაფიული განყოფილებები, ბაღის ღირსშესანიშნავი ადგილები და პარკები.

აღსანიშნავია, რომ 14 ივნისი, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ, საქართველოს პარლამენტის მიერ, 2000 წელს გამოცხადდა. ამ დღის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა.