2017 წლის 16 ოქტომბერს, ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციაული შენობის საკონფერენციო დარბაზში გაიხსნა ცნობილი ქართველი მეცნიერის, კოლხეთის მცენარეული საფარის მკვლევარის, ბილოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, ვაჟა მემიაძის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

საიუბილეო შეხვედრა გახსნა და დამსწრე საზოგოდოებას ვაჟა მემიაძის პიროვნების ღვაწლზე ესაუბრა ბათუმის ბოტანიკირი ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ.

აუდიტორიის წინაშე ამაგდარი პიროვნების ცხოვრების და მეცნიერული მოღვაწეობის შეხახებ პრეზენტაციით წარსდგა ბაღის ადგილობრივი ფლორის და კონსერვაციის დეპარტამენტის უფროსი დავით ხარაზიშვილი.

ვაჟა მემიაძის დამსახურებაზე და სამეცნიერო-კვლევით ღირებულებებზე ისაუბრეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა მურმან დავითაძემ და ნანა ზარნაძემ.

ღირსეული პიროვნება და უზადო მეცნიერი გაიხსენეს ბაღის თანამშრომლებმა: ბიძინა ფერცელიძემ, ზურაბ მანველიძემ, ჯულიეტა ჯაყელმა, მარინა თათარიშვილმა, ნანა კონცელიძემ, მარია ოვჩენიკოვამ, დალი კირკიტაძემ, ციცინო ციცვიძემ, ნანი ჟორდანიამ, ვაჟა მემიაძის ქალიშვილმა, ნინო მემიაძემ და სხვებმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დედაბუნების დაცვაში, შესწავლასა და პოპულარიზაციაში ვაჟა მემიაძეს ღირსეული ადგილი უკავია.

მისი ინიციატივით, ბოტანიკური ბაღის ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების ფლორისტულ განყოფილების დაბლობ ნაწილში დაგეგმარდა და შემდგომში გაშენდა ხელოვნური ტბა, რომელიც დღესაც ერთ-ერთი თვალსაჩინო და ვიზიტიორებისათვის მიმზიდველი ადგილია. მისი ინიციატივით ასევე დაირგო სამეფო გვიმრა ზედა პარკის ცენტრალურ ნაწილში არსებულ დეკორატიულ ტბაში, რომელიც ასევე მნახველის დიდ მოწონებას იმსახურებს.

1976-1990 წლებში ვაჟა მემიაძე ხელმძღვანელობდა ბოტანიკური ბაღის ბოტანიკის განყოფილებას. მისი თაოსნობით განყოფილების სამეცნიერო კვლევით თემატიკაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა აჭარის ფლორის იშვიათი და გადაშენებადი სახეობების ბიოეკოლოგიის შესწავლამ, მათი დაცვის ღონისძიებების შემუშავებამ. სწორედ მის მიერ დაზუსტდა აჭარისათვის იშვიათ მცენარეთა პირველი სია, რომელშიც მცენარეები იშვიათობის მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებად იყო დაყოფილი. მისივე ინიციატივით ფლორისტულ განყოფილებას 4 ჰა ფართობი გამოეყო, რომელიც იშვიათი სახეობების ეხ-სიტუ კონსერვაციის, მათი ბიოლოგიის შესწავლის, გამრავლების, პოპულარიზაციისა და კულტურაში ფართო დანერგვისათვისაა გათვალისწინებული, რაც ასე აქტუალური და ბოტანიკური ბაღებისთვის მნიშვნელოვანია დღეს.

ბატონი ვაჟა გახლდათ მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი, იყო როგორც კარგი თეორიტიკოსი, ისე პრაქტიკოსი. მკვლევარს რამდენიმე ათეული სამეცნიერო ნაშრომი ეკუთვნის, მათ შორის მონოგრაფიები: „კინტრიშის ფლორის და მცენარეულობის მრავალფეროვნება“, „აჭარის ფლორის დასაცავი ობიექტები და მათი აღდგენის ღონისძიებები“, „საქართველოს იშვიათი მცენარეები“, „ბათუმის ბოტანიკურ ბაღში კულტივირებული, იშვიათი და ქრობადი მცენარეები“ და სხვა. მის მიერ შეგროვებული და გარკვეული საჰერბარიუმო მასალა ინახება ბათუმის, თბილისის და სხვადასხვა ქვეყნების ჰერბარიუმთა ფონდებში.

ვაჟა მემიაძემ დიდი ამაგი დასდო ქართული ბოტანიკური მეცნიერების განვითარებას, ბუნების დაცვას და მის მრავალმხრივ წარმოჩენას. ღვაწლმოსილი მეცნიერი უანგაროდ ემსახურებოდა თავის კუთხეს. მისი ეროვნული საქმისადმი ერთგულება მისაბაძია მომავალი თაობებისთვის.

საიუბილეო ღონისძიებები, რომლებიც 20 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება, ითვალისწინებს ლექცია-სემინარებს და საველე გასვლებს ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, რომელშიც აქტიურად იქნებიან ჩართული ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები და ბოტანიკური ბაღის მეცნიერ-თანამშრომლები.