ბოტანიკურ ბაღსა და შ.პ.ს. „აჭარისწყალი ჯორჯია“-ს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა 2016 წლის 19 ოქტომბერს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და შ.პ.ს. „აჭარისწყალი ჯორჯია“-ს შორის გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ და შ.პ.ს. „აჭარისწყალი ჯორჯია“-ს კომერციულმა დირექტორმა რონი სოლბერგმა.
გრანტის მოცულობა 100 000 (ასი ათასი) ამერიკულ დოლარს შედაგენს. აღნიშნული დაფინანსებით გოდერძის ალპურ ბაღში მოხდება მზის ენერგიის სისტემის და პარკინგის მოწყობა, ბაღის თანამშრომლებისათვის დროებითი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა და აღჭურვა, საპიკნიკე ადგილის და ბუნებრივი ბილიკების მოწყობა, სეპტიკისა და კანალიზაციის მოწყობა, ეკო ტუალეტების და ბილეთების ჯიხურის მშენებლობა, საინფორმაციო ნიშნულებისა და დაფების, რუკების, ბროშურების დიზაინის შემუშავება და ბეჭდვა, ასევე მეფუტკრის სახლის მშენებლობა და მეფუტკრეობის განვითარებისათვის საჭირო ინვენტარით აღჭურვა და ფუტკრის ოჯახების შეძენა.
ალპური ბაღის მშენებლობა და განვითარება დაიწყო მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის მხარდაჭერით, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ახორციელებს.
„ბათუმის ბოტანიკური ბაღი“ იღებს ვალდებულებას აიღოს წამყვანი როლი ალპური ბაღის დაგეგმარებაში და გამოიყენოს ამისთვის ყველა საჭირო შიდა რესურსი (მატერიალური, ინტელექტუალური და ტექნიკური). ასევე, შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოყოს დამატებითი სახსრები საკუთარ ბიუჯეტში გოდერძის ალპური ბაღისთვის და უზრუნველყოს მისი გამართული ფუნქციონირება.
ხელშეკრულებით განსაზღვრული გრანტის გაცემა მიზნად ისახავს მხარეებმა ხელი შეუწყონ გოდერძის ალპური ბაღის დაარსებასა და განვითარებას, რომელიც იქნება სოფლად ტურიზმის, საგანმანათლებლო და საკვლევი მდგრადი რეგიონალური ცენტრი, სოფლის მდგრადი განვითარების საუკეთესო პრაქტიკის სადემონსტრაციო კერა და ამავე დროს სტიმულს მისცემს მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებლებს შესაძლებლობების განვითარებისათვის, რაც ასევე მოიცავს ადგილობრივი პროდუქტების დამატებითი გასაღების ბაზრის შექმნას. ასევე, პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ბოტანიკურ ბაღს ადგილობრივად სპეციფიკურ მცენარეთა მრავალფეროვნების შენარჩუნებაში; ასევე უზრუნველყოს რელიქტური, ენდემური, იშვიათი, საკვები, სამკურნალო, სამეურნეო, დეკორატიული და სხვა სასარგებლო თვისებებით გამორჩეული სახეობათა ex-situ კონსერვაცია იმისათვის, რომ მოხდეს აჭარის უნიკალური ეკო მრავალფეროვნების კონსერვაცია; მოახდინოს ალპურ ბაღში თავმოყრილი კოლექციის გამოყენება სამეცნიერო, საგანმანათლებლო, შემეცნებითი და ტურისტული მიზნებისათვის.
ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრნენ გოდერძის ალპური ბაღის განვითარებაში ჩართული მხარეები: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე მამია ბერძენიშვილი, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“-ს შვეიცარიის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინასებული „მცირე კავკასიის ალიანსების“ პროგრამების მენეჯერი ლელა ფუტკარაძე და სხვა პირები.
ღონისძიების დასასრულს, ბაღის ადმინისტრაციაში, ალპურ ბაღთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.