დღეს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ბოტანიკურ ბაღსა და შ.პ.ს ''აგროდეკორსერვის'' (ევრო ეზო) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, - ირაკლი არჩაიამ და ლევან ჭანუყვაძემ მოაწერეს ხელი.

''ჩვენ დიდი ხანია ძალზედ ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ შ.პ.ს ''აგროდეკორსერვისთან''. თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთ სასიკეთო ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც სამომავლოდაც გაგრძელდება, რაც ერთობლივი პროექტების განხორციელების საშუალებას მოგვცემს'', განაცხადა ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ. მან, მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ლევან ჭანუყვაძეს აქტიური თანამშრომლობისა და გვერდში დგომისათვის.

''საკმაოდ მნიშვნელოვანია ხელი მოვაწეროთ აღნიშნულ მემორანდუმს და სხვა სიბრტყეზე გადავიყვანოთ ჩვენი თანამშრომლობა, რომელიც ითვალისწინებს გამწვანება-მოწყობით, მცენარეთა მოვლა-პატრონობით, სანერგე მეურნეობებში არსებული მცენარეთა რესურსების, კოლექციებში დაცულ მცენარეთა თესლებისა და კალმების ურთიერთგაცვლით, მცენარეთა მავნებელ-დაავადებებისაგან დაცვით და სხვა საქმიანობაში ხელშეწყობას'' - აღნიშნა ლევან ჭანუყვაძემ და გამოთქვა მზაობა იმისა, რომ მხარეები მუდმივად განავითარებენ ურთიერთსასარგებლო კონტაქტებს მათი საქმიანობის სახვადასხვა სფეროში.

ირაკლი არჩაიამ და ლევან ჭანუყვაძემ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ბოტანიკური ბაღი და შ.პ.ს ''აგროდეკორსერვისი'' ითანამშრომლებენ გამოცდილების გაზიარებისა და ურთიერთსასარგებლო ინფორმაციების გაცვლის, მცენარეთა მოვლა-პატრონობის და სანერგე-სასათბურე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით.