დღეს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში იმყოფებოდა ქ. ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, რომელიც, ბაღის დირექტორთან, ირაკლი არჩაიასთან ერთად, ადგილზე გაეცნო ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. მან დაათვალიერა რეაბილიტირებული ქვედა პარკი და მუდმივმოყვავილე სკვერი, რომლის რეაბილიტაციაც უახლოეს დღეებში დაიწყება და აპრილის ბოლოს დასრულდება.

ლაშა კომახიძემ დაათვალიერა „ლაბორატორიული კორპუსი“, სადაც საკმაოდ მოცულობითი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. კერძოდ, მთლიანად გამოიცვალა შენობის სახურავი, კარ-ფანჯრები, ჭერი, შეიღება სამუშაო ოთახების კედლები, საგრძნობლად გაუმჯობესდა პირობები, როგორც ლაბორატორიული, ისე სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისათვის. ქალაქის მერი გაეცნო ავტოსადგომის მიმდინარე სამუშაოებს, რომლებიც დასრულდება თებერვლის თვეში.

ქალაქის პირველმა პირმა, ბაღის დირექტორისაგან მიიღო ამომწურავი ინფორმაცია იმ სამუშაოების და პროექტების შესახებაც, რომლებიც ბაღის ადმინისტრაციას 2018 წელს აქვს დაგეგმილი. ესენია: სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობის სრული რეაბილიტაცია, ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა, ელექტრო სადენების მიწის ქვეშ ჩატანა და ახალი დეკორატიული ბოძების მონტაჟი, მცენარეებისათვის ეტიკეტების, ძელსკამების, ურნების და 2 ერთეული ლეექტრომობილის შეძენა და სხვა.

ქალაქის მერი აგრეთვე დაინტერესდა რიგი საკითხებით, რომლებიც შეეხებოდა ბაღის სამომავლო გეგმებს, სტრატეგიას, ხედვებს, სამეცნიერ-კვლევით საქმიანობას და თანამშრომელთა ყოფით პირობებს. მანვე, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ, მთავარი სამარშრუტო გზის გასწვრივ, ორი სახეობის სამი ძირი ფიჭვის ხე დარგო.