2014 წლის 18 აპრილს, ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა დაიწყო პროექტის - „უფრო ახლოს ბუნებასთან“ განხორციელება, რომელშიც პირველ ეტაპზე ჩართულია ქ. ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების 80 მოსწავლე.

პროექტის მონაწილეებს მიესალმნენ და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ, დირექტორის მოადგილემ ბიძინა ფერცელიძემ და ტრენერებმა, ბიოლოგიის აკადემიურმა დოქტორებმა - ფერიდე ჩაიძემ და დავით ხარაზიშვილმა.

სპეციალური თემატიკის და პროგრამის შესაბამისად, პროექტის მონაწილე მოსწავლეებმა სწავლების პირველ და მეორე დღეს მოისმინეს საინტერესო ლექციები მცენარეული სამყაროს წარმოქმნის, მრავალფეროვნების, მორფოლოგიის და კონსერვაციის შესახებ. ჩაუტარდათ მასტერკლასები მეთესლეობის სექტორსა და ჰერბარიუმის ფონდზე. დაათვალიერეს ბაღის ფოტოგეოგრაფიული განყოფილებები

პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანი მოზარდ თაობაში ბიომრავალფეროვნების, ბუნებისა და გარემოს დაცვის პროპაგანდა და საბუნებისმეტყველო განათლების ხელშეწყობა გახლავთ, მოსწავლეები გაივლიან 4 დღიან, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კურსს.

აღნიშნული პროექტის განხორციელება გაზრდის ბათუმის ბოტანიკური ბაღის საგანმანათლებლო როლს, რაც მსოფლიო ბოტანიკური ბაღების საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს.

პროექტის მე-2 ეტაპის განხორციელება მიმდინარე წლის ოქტომბრის თვის დასაწყისშია დაგეგმილი.