2015 წლის 03 ოქტომბერს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში დაიწყო სერთიფიცირებული საგანმანათლებლო პროექტის-"უფრო ახლოს ბუნებასთან" მე-2 ეტაპი, რომელიც 29 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მიიღებს აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის, ძირითადად, ქ. ბათუმის კერძო და საჯარო სკოლების მე-9-11 კლასების 72 მოსწავლე. პროექტის მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

ბაღის ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში შეკრებილ პროექტში მონაწილე მოსწავლეებს მიესალმა და ზოგადად პროექტის და მასში მოსწავლეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ.

აღნიშნული პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო, მოიცავს სემინარების და სასწავლო-პრაქტიკული მეცადინეობების შემდეგ აქტივობებს: სემინარები მცენარეთა მრავალფეროვნებაზე, ჰერბარიუმისა და მეთესლეობის სექტორის გაცნობა, საველე გასვლები ფიტოგეოგრაფიულ სექციებში და ჰერბარიუმის აღება, თესლების შეგროვება, ჰერბარიუმის დამზადება, დარგვის, გასხვლისა და თესვის პროცესში ჩართულობა.

ლექცია სემინარებს, პრაქტიკულ სწავლებებს და მასტერ-კლასებს მთლიანად უძღვება ბაღის სამეცნიერო პერსონალი.

აღნიშნული პროექტი, 2015 წლის აპრილში წარდგენილ იქნა ბოტანიკური ბაღების მე-9 საერთაშორისო კონგრესზე, მისურის ბოტანიკურ ბაღში (აშშ) და როგორც ნოვატორული პროექტი, მოწონებულ იქნა.

პროექტის მხარდამჭერია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საერთაშორისო ორგანიზაცია MercyCorp“. ამ უკანასკნელთან ბათუმის ბოტანიკურ ბაღს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს ბათუმის ბოტანიკური ბაღის საგანმანათლებლო პროექტის - "უფრო ახლოს ბუნებასთან" მხარდაჭერას და მასში აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მოსწავლეთა ჩართულობის ხელშეწყობას.