ბათუმის ბოტანიკური ბაღი აგრძელებს საგანმანათლებლო პროგრამის 2016 წლის მე-2 ეტაპის - „უფრო ახლოს ბუნებასთან“ განხორციელებას, რომელშიც ჩართულია მაღალმთიანი აჭარის საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო დისციპლინებში აკადემიურად წარმატებული 40 მოსწავლე (ოქტომბერი) და ბათუმის კერძო და საჯარო სკოლების 40 მოსწავლე (ნოემბერი). ისინი გადანაწილდებიან სასწავლო ჯგუფებში და გაივლიან 4 დღიან თეორიულ და პრაქტიკულ კურსს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში.
საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა 2016 წლის 1 ოქტომბერს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში. პროგრამის ბენეფიციარებს მიესალმნენ და პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირაკლი არჩაია, საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი ჯემალ წულუკიძე, სასწავლო კურის ტრენერები, ბიოლოგიის აკადემიური დოქტორები დავით ხარაზიშვილი და გია ბოლქვაძე
პროექტი მიზნად ისახავს მოზარდ თაობაში ბიომრავალფეროვნების, ბუნებისა და გარემოს დაცვის პროპაგანდას, საბუნებისმეტყველო განათლების ხელშეწყობას.
აღნიშნული პროექტის განხორციელება გაზრდის ბათუმის ბოტანიკური ბაღის საგანმანათლებლო როლს, რაც მსოფლიო ბოტანიკური ბაღების საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს.
პროექტის მხარდამჭერია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საერთაშორისო ორგანიზაცია „Mercy Corp“. ამ უკანასკნელთან ბათუმის ბოტანიკურ ბაღს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს ბათუმის ბოტანიკური ბაღის საგანმანათლებლო პროექტის - „უფრო ახლოს ბუნებასთან“ მხარდაჭერას და მასში მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებიდან მოსწავლეთა ჩართულობის ხეშეწყობას.