28 დეკემბერს, წინასაახალწლო განწყობა სუფევდა ბათუმის ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, სადაც, თანამშრომლების წინაშე ბაღის მიერ 2015 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშით წარსდგა ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლევან დავითაძე.

ბაღის წინაშე არსებული გამოწვევების, მიმდინარე საქმიანობის, წარმატებების თუ წარუმატებლობების შესახებ ისაუბრეს და დამსწრე საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს: ბიძინა ფერცელიძემ, ზურაბ მანველიძემ, ჯულიეტა ჯაყელმა და ჯემალ წულუკიძემ.

დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან დავითაძემ, დაბადებიდან 75 წლის იუბილე მიულოცა, შემდგომი სამსახურებრივი და პირადი წარმატებები უსურვა ბაღის სამეურნეო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მეეზოვეს, ქალბატონ ბუჩქი ჯიჯიეშვილს, რომელსაც ერთჯერადი ფულადი ჯილდო და საპატიო სიგელი გადასცა.

ლევან დავითაძემ ბაღის საქმიანობაში შეტანილი პირადი წვლილისათვის ბაღის 20-მდე თანამშრომელი დააჯილდოვა.

საზეიმო შეხვედრის დასასრულს, ბაღის თანამშრომლებს საჩუქრად საფირმო მაისურები და საახალწლო ტკბილეული გადაეცათ.