21 მარტს მთელ მსოფლიოში აღინიშნება ტყის საერთაშორისო დღე, ამ თარიღის აღსანიშნავად, 2016 წლის 21 მარტს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში სტუმრად იყვნენ მოწვეული ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის სპეციალობის სტუდენტები.

ბაღის საკონფერენციო დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას ეს დღე მიულოცეს ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დავითაძემ და დირექტორის მოადგილემ ბიძინა ფერცელიძემ.

ბაღის ადგილობრივი ფლორისა და კონსერვაციის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა თემურ ვასაძემ სტუდენტებისათვის ჩაატარა სემინარი: „აჭარაში გავრცელებული „საქართველოს წითელი ნუსხის“ მერქნიანი მცენარეები“, რომელიც მეტად საინტერესოდ და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტებმა დაათვალიერეს ბაღის ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების ფიტოგეოგრაფიული განყოფილება, სადაც სტუდენტებს „საქართველოს წითელი ნუსხის სახეობებზე“ ამომწურავი ინფორმაციები მიაწოდეს ბაღის ადგილობრივი ფლორისა და კონსერვაციის დეპარტამენტის უფროსმა დავით ხარაზიშვილმა და ჰერბარიუმის ფონდის ხელმძღვანელმა ნინო მემიაძემ.

სტუდენტებმა, ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების ფიტოგეოგრაფიული განყოფილების იშვიათ მცენარეთა ნაკვეთში, „საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის“ - ლაფანის ნერგები დარგეს.

აღსანიშნავია, რომ უკვე მესამე წელია, რაც ბათუმის ბოტანიკური ბაღი ეკოკალენდრის ფარგლებში აღნიშნავს საერთაშორისო გარემოსდაცვით თარიღებს.