ბაღის ისტორია

ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, ქალაქ ბათუმის ცენტრიდან 9 კილომეტრში, მდინარე ჩაქვისწყლის შესართავს და მწვანე კონცხს შორის მდებარე სანაპირო ზოლის დაახლოებით 1 კმ სიგრძის სამხრეთ-დასავლეთი მონაკვეთი უკავია, რომელიც ზღვის დონიდან 0-220 მეტრ სიმაღლემდე ვრცელდება და არცთუ შორეულ წარსულში, მთლიანად კოლხური ტიპის ტყით (წიფელი, წაბლი, ცაცხვი) და მარადმწვანე ქვეტყით (წყავი, შქერი და სხვ.) იყო დაფარული.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი სპეციფიკური და მრავალფეროვანი ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობებით ხასიათდება.

1881 წლიდან, ბათუმის მხარეში მნიშვნელოვანი საინტროდუქციო სამუშაოები ერთ-ერთმა პირველმა მოაგარაკემ, მეჩესლავ დ’ალფონსმა ჩაატარა, რომელსაც ჩაქვის მახლობლად საკუთარი ბაღი ჰქონდა. ამიერკავკასიის შავი ზღვის სანაპიროზე მცენარეთა ინტროდუქციის ერთ-ერთ ინიციატორად გვევლინება გეოგრაფი და ბოტანიკოსი, მოგზაური პავლე ტატარინოვი, რომელმაც ბათუმის სანაპიროზე, 1892 წელს, 10 ჰა ფართობზე შექმნა ე. წ. საკლიმატიზაციო ბაღი, რომელიც დღეს ბაღის „ზედა პარკის“ სახელითაა ცნობილი.

ბათუმის ბოტანიკური ბაღის დაარსება დაკავშირებულია ხარკოვის უნივერსიტეტის პროფესორის ანდრია კრასნოვის სახელთან. 1912 წლის 3 ნოემბერს სათავე დაედო ბათუმის ბოტანიკური ბაღის ორგანიზაციის საქმეს. ბაღის განაშენიანებაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს თანამემამულეს იასონ გორდეზიანს.

ბაღის ფლორისტული სიმდიდრე, მცენარეთა წარმოშობის მიხედვით 9 ფიტო-გეოგრაფიულ განყოფილებაშია თავმოყრილი. ბაღის კოლექცია შედგება მერქნიან მცენარეთა 2037 ტაქსონომიური ერთეულისაგან, ამათგან 104 კავკასიური წარმოშობისაა, ხოლო 1540 ტაქსონი საზღვარგარეთის სხვადასხვა ფლორის წარმომადგენელია. ბათუმის ბოტანიკური ბაღი ახორციელებს სხვადასხვა პროგრამებს მცენარეთა ინტროდუქციისა და კონსერვაციის, ადგილობრივი ფლორის დაცვის, დეკორატიული მებაღეობისა და მეყვავილეობის, მცენარეთა დაცვის, მეხილეობა–სელექციის, ეკოგანათლებისა და ტურიზმის მიმართულებით. ბაღის პერსონალი ჩართულია ფუნდამენტური ხასიათის სხვადასხვა თეორიულ და ექსპერიმენტულ კვლევით პროექტებში.

ბათუმის ბოტანიკურ ბაღი სასოფლო-სამეურნეო და ბიოლოგიური ცოდნის გავრცელების მნიშვნელოვანი კერაა. მას კავშირი აქვს 140-ზე მეტი ქვეყნის ბოტანიკურ ბაღთან, უნივერსიტეტებთან და სხვა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან, რომლებთანაც გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები. ბოლო პერიოდში ბაღმა განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ვიზიტი და საქმიანი შეხვედრა.

1998 წლიდან ბათუმის ბოტანიკური ბაღი მსოფლიოს ბოტანიკური ბაღების მცენარეთა დაცვის საერთაშორისო საბჭოს (BGCI) წევრი გახდა, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს მსოფლიოს ბოტანიკურ ბაღებთან ურთიერთთანამშრომლობის, სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლისა და ბოტანიკური ბაღების ერთიანი სტრატეგიული მიმართულებით მუშაობის თვალსაზრისით.

ბოტანიკური ბაღი გამორჩეულია მდიდარი საჰერბარიუმო ფონდით და სამეცნიერო ბიბლიოთეკით. ბაღი გამოსცემს სხვადასხვა სამეცნიერო, პრაქტიკული, მეთოდოლოგიური და შემეცნებითი ხასიათის ლიტერატურას და გაზეთ „ბოტანიკურ ბაღს“.

2012 წელს ბაღის ასწლოვანი იუბილე არაერთი ღონისძიებით აღინიშნა, რომელიც 2013 წლის მაისში, საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციით დასრულდა. დაარსების დღიდან დღემდე, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს 16 დირექტორი და დირექტორის მოვალობის შემსრულებელი ჰყავდა.