ბათუმის ბოტანიკური ბაღი - სამხრეთ ამერიკის განყოფილება

სამხრეთი ამერიკის ფიტოგეოგრაფიული განყოფილება ზღვისკენ მიქცეულ, დატერასებულ, ქარისაგან დაცულ ფერდობზეა გაშენებული. მას 0,71 ჰა ფართობი უჭირავს. განყოფილება ბაღის დაარსებისთანავე გაშენდა დღევანდელი მცენარეთა ინტროდუქციის სანერგის ადგილზე და ჩილეს ფიტოგეოგრაფიული განყოფილება ეწოდა. მოგვიანებით განყოფილება არგენტინის, პერუს, ბრაზილიის ეგზოტებით შეივსო, იგი ადმინისტრაციული კორპუსის ქვემოთ, ზედა პარკის მოსაზღვრე ტერიტორიაზე გადაიტანეს და სამხრეთამერიკის ფიტოგეოგრაფიული განყოფილება ეწოდა. ეს განყოფილება სახეობრივი შემადგენლობით მდიდარი არასოდეს ყოფილა, თუმცა სამხრეთ ამერიკული წარმოშობის ზოგიერთი ეგზოტი კარგად შეეგუა ჩვენს პირობებს და დაინერგა არა მარტო აჭარის ზღვისპირეთში, არამედ დასავლეთ საქართველოში (ფეიჰოა, ბუტია, აბუტილონი, პასიფლორა) და სხვ.

2016 წლის მონაცემებით, სამხრეთ ამერიკის ფიტოგეოგრაფიული განყოფილება 18 ოჯახით, 20 გვარითა და 22 სახეობით არის წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ მათგან ვალდივიის ანუ ღრუბლისებური ფეხნაყოფა - Podocarpus nubigenus, წვრილფოთოლა ანუ ბრაზილიის არაუკარია - Araucaria angustifolia და ჩილის არაუკარია - Araucaria araucana შეტანილია ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის - IUCN გლობალურ „წითელ ნუსხაში“.

განყოფილებაში მოზარდი ეგზოტებიდან მნიშვნელოვანია სახეობათა ორი ჯგუფი:

  1. დეკორატიული ღირსებებით გამორჩეული ეგზოტები, რომლებიც გამოდგება ერთეული და ჯგუფური ნარგაობისთვის. ესენია: აბუტილონი - Abutilon striatum, ბრაზილიის არაუკარია - Araucaria angustifolia, კატისბრჭყალა ბიგნონია -Bignonia unguis-cati, პამპასის ბალახი - Cortaderia argentea, ლანტანა-Lantana camara, მანიჰოტი-Manihot cartaginensis, პეუმუსი-Peumus boldus, ვალდივიის პოდოკარპუსი -Podocarpus nubigenus, პასიფლორა-Passiflora coerulea.
  2. ხეხილოვან-დეკორატიული მცენარეები, რომელთა ნაყოფი საკვებად ვარგისია, გარდა ამისა შეიძლება მათი გამოყენება ხეივნების, ერთეული და მხატვრულ - ჯგუფური ნარგაობების მოსაწყობად, ესენია: თავნაყოფა ბუტია - Butia capitata, ფეიჰოა-Acca sellowiana, ავოკადო-Persea gratissima, ფსიდიუმი-Psidium littorale.