I ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ბოტანიკური ბაღის კარი ღია იყო ყველა პატარა სტუმრისათვის, რომლებსაც ადგილზე არა ერთი გასართობი ღონისძიება და სიურპრიზი დახვდათ.

ამ დღის აღსანიშნავად, ბაღის ადმინისტრაციის მიერ წინასწარ შემუშავებული პროგრამის ფარგლებში, ბაღში მობრძანებული პატარების და მათი მშობლების გარდა, ბოტანიკურმა ბაღმა უმასპინძლა ბათუმის ბაღების გაერთიანების სპეციალურად მოწვეულ აღსაზრდელებს და მათ აღმზრდელ-მასწავლებლებს.

სპექტაკლით და გასართობი თამაშობებით პატარების წინაშე წარსდგნენ ბათუმის ბავშვთა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მსახიობები.

ბაღის სტუმრებს საშუალება ქონდათ დაეთვალიერებინათ სტუდია „ანდამატის“ აღსაზრდელთა ხელნაკეთობები და მათ მიერ ბოტანიკური ბაღის თემაზე შესრულებული ნახატების გამოფენა.

მეტად ორიგინალური გახლდათ პატარების მიერ, უდიდესი ხალისითა და მონდომებით ყვავილების დარგვის პროცესიც.

ყველა პატარა სტუმარს, ნაყინითა და ლიმონათით უფასოდ გაუმასპინძლდნენ კომპანიები - „თოლია“ და „ზანდუკელი“.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სხვა აქტივობებით და ბაღში სეირნობით დასრულდა.