ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა პირველად მიიღო მონაწილეობა ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო კონგრესზე („ბიომრავალფეროვნება უკეთესი მსოფლიოსათვის“), რომელიც ამჯერად ბოტანიკურ ბაღებში განათლების საკითხებს მიეძღვნა და მისურის ბოტანიკურ ბაღში (აშშ) გაიმართა. კონგრესს ესწრებოდა მსოფლიოს 40 ქვეყნის 300-ზე მეტი დელეგატი.

ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების კოორდინატორმა ზურაბ მანველიძემ კონგრესზე უკვე წარადგინეს ბათუმის ბოტანიკური ბაღის პირველი საგანმანათლებლო პროექტი სკოლის მოსწავლეებისათვის - „უფრო ახლოს ბუნებასთან“ (Closer to Nature). წარდგენას დაესწრო მცენარეთა კონსერვაციის საერთაშორისო საბჭოს (BGCI) ახალი გენერალური მდივანი პოლ სმიტი. BGCI-ს გენერალურ მდივანთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბაღის მიმდინარე საქმიანობას, პროგრამებს და სხვა აქტუალურ თემებს. განხილულ იქნა თანამშრომლობის გაღრმავებისა და ურთიერთ ჩართულობის საკითხები, ხაზი გაესვა მიმდინარე წლის ივნისში, ბათუმში დაგეგმილ საერთაშორისო სამუშაო შეხვედრაში („მცენარეთა კონსერვაციის გლობალური სტრატეგია და ბათუმის ბოტანიკური ბაღი - პრობლემები, გამოწვევები, პრიორიტეტები“) BGCI-ს მონაწილეობის მნიშვნელობას.

ამავე საკითხებს შეეხო საუბარი მისურის ბოტანიკური ბაღის დირექტორ პიტერ ვაის ჯექსონთან გამართული გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე.

BGCI-ს საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის ასიმინა ვერგოუს შეფასებით, ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიერ დაწყებული საგანამანთლებლო პროგრამა კარგი და დროული დასაწყისია, პროგრამა სრულად შეესაბამება მცენარეთა კონსერვაციის გლობალური სტრატეგიის (GSPC) მიზნებს. აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომ გაფართოებაში BGCI ატიურ ჩართულობას გეგმავს.

კონგრესის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა მცენარეთა კონსერვაციის საერთაშორისო საბჭოს (BGCI) ჩინეთის ოფისის აღმასრულებელ დირექტორ ვენ ქსიანგინგთან. შეხვედრაზე განიხილეს ბათუმის ბოტანიკური ბაღისა და ჩინეთის სუბტროპიკული ზონის ბოტანიკურ ბაღებს შორის კონტაქტების დამყარებისა და თანამშრომლობის დაწყების საკითხები, რამაც სამომავლოდ ხელი უნდა შეუწყოს კოლექციის გაცვლას. ცნობილია, რომ ბათუმის ბოტანიკური ბაღის აღმოსავლეთ აზიის ფიტოგეოგრაფიული განყოფილება წარმოდგენილია მდიდარი კოლექციით, მასში კი უმთავრესი ჩინეთის მცენარეულობაა, ამიტომ ჩინეთის ბოტანიკურ ბაღებთან თანამშრომლობით ახალი სახეობების ინტროდუქცია (მათ შორის ეკონომიკურად მნიშვნელოვანის) ბაღის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს.

პარალელურად, ბაღის კოლექციის შევსება-განახლების ინტერესებიდან გამომდინარე, საქმიანი კონტქტები დამყარდა სიდნეის ბოტანიკურ ბაღთან და კორეის ეროვნულ არბორეტუმთან.
მე-9 საერთაშორისო კონგრესი, - მართლაც, რომ შთამბეჭდავი ფორუმი მსოფლიოს ბოტანიკური ბაღებისათვის - იდეების, გამოცდილების გაზიარებისა და ურთიერთობების დამყარებისათვის, დღეს, 03 მაისს დასრულდა. კონგრესის დასრულების შემდგომ, 4-5 მაისს, ბაღის წარმომადგენლები ეწვევიან ვაშინგტონის ეროვნულ არბორეტუმსა და ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკურ ბაღს.

დედამიწის 5 კონტინენტის, 45 ქვეყნის, 300 მეტი დელეგატი ეს დღეები ერთ დიდ გუნდად შეიკრა და ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანდა - „ბიომრავალფეროვნება უკეთესი მსოფლიოსათვის“!!!
ბათუმის ბოტანიკური ბაღი პირველად ჩაერთო მსგავსი მასშტაბისა და შინაარსის საერთაშორისო ღონისძიებაში. ეს კი მრავალმხრივი მნიშვნელობის გახლავთ. ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორი, თამაზ დარჩიძე კმაყოფილია კონგრესის მუშაობით, შედეგებით, კონტაქტებით, ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებით წამყვან ბოტანიკურ ბაღებთან, ის დადებითად აფასებს ბათუმის ბოტანიკურის ბაღის მონაწილეობას ამ მნიშვნელოვან ფორუმში. მისი თქმით:

- ეს იყო კარგი შესაძლებლობა, გაგვეცნო მსოფლიოს წამყვანი ბოტანიკური ბაღების საქმიანობა, ბოტანიკური ბაღების ახლებული კონცეფციები და როლი საზოგადოების, განსაკუთრებით, მოზარდი თაობის განათლების და რაც მთავრია, მსოფლიოს ბიომრავალფეროვნების დაცვის კონტექსტში;

- ეს იყო კარგი შესაძლებლობა, უშუალო კონტაქტები დაგვემყარებინა ბოტანიკურ ბაღებში მცენარეთა კონსერვაციის საერთაშორისო საბჭოს (BGCI) ახალ ხელმძღვანელობასთან. ფართოდ გვესაუბრა პრობლემებზე, საჭიროებებზე, პერსპექტივებზე; მოგვესმინა მათი ხედვები და დაგვეგეგმა მოკლევადიანი ერთობლივი პრიორიტეტები;

- ეს იყო კარგი შესაძლებლობა ჩვენი უახლოესი მიზნების განხორცილების მიმართ საერთაშორისო ინტერესის გასაღვივებლად. ვგულისხმობთ 6-7 ივნისს, ბათუმში დაგეგმილ საერთაშორისო შეხვედრას - „მცენარეთა კონსერვაციის გლობალური სტრატეგია (GSPC) და ბათუმის ბოტანიკური ბაღი - პრობლემები, გამოწვევები, პრიორიტეტები“;

- ეს იყო კარგი შესაძლებლობა დაგვემყარებინა ურთიერთობები მსოფლიოს 15 - მდე ბოტანიკურ ბაღთან და ორგანიზაციასთან. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია BGCI-ის ჩინეთის ოფისის მეშვეობით თანამშრომლობის დაწყება ჩინეთის სუბტროპიკული ზონის ბოტანიკურ ბაღებთან, ასევე ავსტრალიის და ჩრდ. ამერიკის ბოტანიკურ ბაღებთან;

- ეს იყო კარგი შესაძლებლობა ბოტანიკური ბაღების თანამედროვე ორგანიზაციის, მენეჯმენტისა და მრავალმხრივი საქმიანობის გასაცნობად. განსაკუთრებით აღვნიშნავთ, ჩვენს მასპინძელ, მისურის ბოტანიკურ ბაღს, მართლაც, რომ სამაგალითო ბაღს მსოფლიოში - თავისი კოლექციით, ინფრასტრუქტურით, მოტივირებული პერსონალით, პროგრამებით, ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით, წარმატებული ეკონომიკური საქმიანობით და ა.შ., ეს მართლაც შთამბეჭდავი იყო.
ბაღის დირექტორი აღნიშნავს, რომ „კონგრესის მასშტაბები, ერთის მხრივ გასაგებს ხდიდა ღონისძიების ძირითად მიზნებს და იდეებს, მაგრამ ჩვენ უფრო რთული ამოცანა გვქონდა, - ამ დიდ სივრცეში უნდა მოგვეხერხებინა ჩვენი საკითხებისადმი წამყვანი ორგანიზაციებისა და ფიგურების ყურადღების ფოკუსირება.

გლობალური პრობლემატიკა ხშირად ფარავს ლოკალურ, რეგიონალურ საკითხებს, მით უმეტეს მსგავსი საერთაშორისო შეხვედრების დროს, ამის მიუხედავად, მოვახერხეთ ბათუმის ბოტანიკური ბაღის ირგვლივ მსჯელობის გამართვა და ინტერესის გაღვივება.

კონგრესის შედეგებმა ცხადჰყო, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია იმ მიზანმიმართული და გეგმაზომიერი სამუშაოსი, რაც სამომავლოდაა ჩასატარებელი. ვფიქრობთ, რომ ბათუმის ბოტანიკური ბაღის ეს ძალისხმევა, ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერით, კონკრეტული პროექტების განხორციელებით გაგრძელდება. ამის ნათელი დადასტურება კი ბათუმის „ვორქშოპი“ უნდა გახდეს.

უკანასკნელ წლებში, ბათუმის ბოტანიკური ბაღის წარმატებულმა საქმიანობამ შესაძლებელი გახადა ჩვენი ჩართულობა აღნიშნული საერთაშორისო კონგრესის მუშაობაში. ამასთან მადლობა მინდა გადავუხადო აიდაჰოს ბოტანიკური კვლევების ფონდს, პირადად ქრისტოფერ და შერონ დევიდსონებს გაწეული მხადაჭერისათვის“.