„თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ინტელექტუალური, ადამიანური, სამეცნიერო-კვლევითი მიღწევების და ცნობადობის ამაღლების საქმეში, უდიდესი წვლილი შეიტანეთ. ის ფაქტი, რომ დღეს, 105 წლის ბოტანიკური ბაღი, ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი და ერთ-ერთი პირველთაგანია, ეს თქვენი, ბაღის ყოფილი თანამშრომლების უდიდესი წვლილი და დამსახურებაც გახლავთ“ - განაცხადა ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ, ბაღის ყოფილ თანამშრომლებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე, რომელიც მისივე ინიციატივით, ბაღის ადმინისტრაციული შენობის კონფერენც დარბაზში შედგა.

ირაკლი არჩაიამ, მობრძანებულ სტუმრებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ „ამგვარი შეხვედრები, არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, - ის მიიღებს რეგულარულ ხასიათს, რაც კიდევ უფრო გაზრდის ბაღის თითოეული ყოფილი თანამშრომლის ჩართულობას ბაღის ყოველდღიურ ცხოვრებაში, მისი მაჯისცემის განსაზღვრასა და სამომავლო გეგმების რეალიცაზიაში“.

ბაღის დირექტორმა ისაუბრა იმ მნიშვნელოვანი განხორციელებული პროექტების შესახებ, რომლებიც მიმდინარე წელს წარმატებით იქნა განხორციელებული, მათგან, განსაკუთრებით გამოყო გოდერძის ალპური ბაღის მშენებლობა, რაშიც უდიდესია, როგორც აჭარის მთავრობის და ქ. ბათუმის მერიის მხარდაჭერა, ისე დონორი ორგანიზაციების აქტიური ფინანსური ჩართულობა. „რომ არა ბაღში დასაქმებული ადამიანების კვალიფიკაცია, გამოცდილება, კომპენტენცია, პირადი პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობა, ბაღის დღევანდელი მიღწევები ვერ იქნებოდა ხელშესახები. დარწმუნებული ვარ, რამოდენიმე წელიწადში, გოდერძის ალპური ბაღი, ნამდვილ ალპურ ბაღად ჩამოყალიბდება და შესაბამისად, უპასუხებს ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს“, აღნიშნა ირაკლი არჩაიამ, რომელმაც დაანონსა სამომავლოდ, ალპური და არქტიკული ბაღების საერთაშორისო კონგრესის, სწორედ, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ჩატარების თაობაზე.

ირაკლი არჩაიამ, ხაზი გაუსვა ბოტანიკური ბაღის პერსპექტიული გეგმებისა და პროექტების მნიშვნელობას, საერთაშორისო კავშირების გაფართოების აუცილებლობას და მათი გამოცდილების გაზიარებას და პრაქტიკულ დანერგვას ბაღის საქმიანობაში.

ბაღის ხლმძღვანელის გამოსვლაში, ცალსახად აღინიშნა, რომ ბოტანიკური ბაღის უპირველესი გამოწვევა, ბაღის სამეცნიერო-კვლევით მიმართულებასთან ერთად არის ტურისტული ინფრასტრუქტურის, საგანმანათლებლო-შემეცნებითი საქმიანობის და დასვენების მყარი კულტურის ჩამოყალიბება. მანვე აღნიშნა, ბაღის სტრატეგიული ხედვების და განვითარების დოკუმენტზე მუშაობის დაწყების შესახებ, რომელიც უცხოელ ექსპერტთა და სპეციალისტა დახმარებით, ახლო მომავალში დაიწყება.

შეხვედრა, რომელიც მეგობრულ ატმოსფეროში წარიმართა, დასრულდა იმ განწყობით, რომ ბათუმის ბოტანიკური ბაღის ყველა თაობის ერთობით, ბაღის წარმატებული აწმყო და ნათელი მომავალი გარანტირებული იქნება.

შეხევდრის დასასრულს, ბაღის დირექტორმა, საახალწლო განწყობიდან გამომდინარე, ყოფილ თანამშრომლებს სიმბოლურ საჩუქრად ღვინო და ტკბილეული გადასცა.