1 ივლისს, 90 წელი შეუსრულდებოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის ბოტანიკური ბაღის ყოფილ დირექტორს, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატს, დოცენტ ნოდარ შარაშიძეს, რომელიც თვალსაჩინო ფიგურაა ბათუმის ბოტანიკური ბაღის ისტორიაში.

30 ივნისს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის საკონფერენციო დარბაზში შეკრებილმა საზოგადოებამ, ოჯახის წევრებთან ერთად პატივი მიაგო და გაიხსენა გამორჩეული პიროვნება, მეცნიერი, ხელმძღვანელი, მასწავლებელი, მეგობარი და კოლეგა...

ნოდარ შარაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გახსნა და ბაღის წინაშე მის დამსახურებაზე ისაუბრა ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ.

გამოჩენილი მეცნიერისა და ხელმძღვანელის განვლილ ცხოვრებაზე ვრცლად ისაუბრა ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილემ ბიძინა ფერცელიძემ.

გამორჩეული ხელმძღვანელი, მასწავლებლი, პედაგოგი და კოლეგა გაიხსენეს და აუდიტორიის წინაშე თბილი მოგონებებით წარსდგნენ: ვანო პაპუნიძე, მარიზა ბრეგვაძე, თამარ ცხოიძე, მარინე თათარიშვილი, მურმან დავითაძე, ზურაბ მანველიძე და სხვები.

გამომსვლელებმა თავინთ მოგონებებში გააცოცხლეს ბატონი ნოდარი, როგორც არაჩვეულებრივი ადამიანური თვისებებით დაჯილდოებული დიდი პიროვნება, ჭეშმარიტი მამულიშვილი, პროფესიონალი, კარგი მკლევარი, დიდი მეცნიერული იდეის მქონე პიროვნება, შესანიშნავი მეუღლე და მამა.

ხსოვნის საღამოზე ცალსახად აღინიშნა ის, რომ ნოდარ შარაშიძემ ცხოვრების მთავარ მიზნად კაცთმოყვარეობა, სამშობლოს უანგარო სიყვარული, სამართლიანობა, გულისხმიერება და პატიოსნება გაიხადა. მთელი სიცოცხლის მანძილზე დაუღალავად ემსახურა ბათუმის ბოტანიკური ბაღის აღორძინებასა და ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს.

ემოციური იყო ბატონი ნოდარის ქალიშვილის, ირმა შარაშიძის გამოსვლა, რომელმაც მადლობა გადაუხადა მოწვეულ საზოგადოებას და ბათუმის ბოტანიკური ბაღის კოლექტივს მამის გულთბილი გახსენებისათვის, ღვაწლის დაფასებისა და მისი სახელის უკვდავყოფაზე ზრუნვისათვის.

საღამოს დასრულების შემდეგ, იქ დამსწრემ საზოგადოებამ გონიოში მოინახულა ნოდარ შარაშიძის საფლავი, სადაც ოჯახის წევრებთან ერთად კიდევ ერთხელ პატივი მიაგო მის ნათელ ხსოვნას.