2016 წლის 20 პრილს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ა(ა)იპ - „ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა“ და ა(ა)იპ - „აგროსერვის ცენტრს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს ბაღის და „აგროსერვის ცენტრის“ დირექტორებმა ირაკლი არჩაიამ და გოჩა ბერიძემ.

მემორანდუმი გულისხმობს მხარეებისათვის ურთიერთსასარგებლო სფეროებში, მათ შორის, რეგიონის აგროსექტორის ცალკეული დარგების (მეციტრუსეობა, მეხილეობა, მეფუტკრეობა, სანერგე მეურნეობა, მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლა, და სხვა) შემდგომი განვითარების საქმიანობაში ხელშეწყობას.

მემორანდუმი აგრეთვე მოიცავს, თანამშრომლობას გამოცდილების გაზიარებისა და ურთიერთსასარგებლო ინფორმაციების გაცვლაში საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, სამეცნიერო და თეორიულ-პრაქტიკული ხასიათის სფეროებში.

მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება ციტრუსოვანთა და ხეხილ-კენკროვანთა კოლექციებში ახალი ჯიშების შემოტანა-დანერგვის პროცესში ხელშეწყობა (ნერგების ურთიერთგაცვლა უსასყიდლოთ) და დაკვირვებათა ერთობლივი წარმოება.

აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის გაფორმებამდე რამოდენიმე დღით ადრე, „აგროსერვისცენტრის“ მიერ, ბათუმის ბოტანიკურ ბაღზე გადაცემულ იქნა92 ქოთანი სხვადასხვა დასახელების მანდარინის, ფორთოხლის, ლიმონის, ლაიმის (ლიმონის ჯგუფთან ახლოს), გრეიფუტის და პომელოს (პომპელმუსის ჯგუფი) საკოლექციო ციტრუსების ნერგები, რომელთა ნაწილი, სწორედ, მემორანდუმის დღეს დაირგო ბაღის ციტრუსების სადემონსტრაციო-საკოლექციო ნაკვეთში, რომელშიც ბაღის და „აგროსერვისცენტრის“ წარმომადგენლების გარდა, მონაწილეობა მიიღო აჭარის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მოადგილემ ავთანდილ მესხიძემ.