9 დეკემბერს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ ჩინათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ჩან ლი ბაი, ამავე აკადემიის კუნმინგის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი ჰანგ სუნი და აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი ჩაო ჯინ ჰუა.

ბაღის ადმინისტრაციაში, სტუმრებს შეხვდა და ესაუბრა ბაღის დირექტორი ირაკლი არჩაია, რომელმაც კმაყოფილება გამოთქვა აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით და გამოთქვა ღრმა რწმენა იმისა, რომ თანამშრომლობა და საქმიანი ურთიერთობები მომავალში უფრო ნაყოფიერი და შედეგზე ორიენტირებული იქნება.

თანამშრომლობის მიზნები და არსი გახმიანდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმში, რომელიც, ამავე დღეს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის კუნმინგის ბოტანიკის ინსტიტუტს შორის გაფორმდა.

მემორანდუმის, რომელსაც ხელი ბაღის დირექტორმა, ირაკლი არჩაიამ და კუნმინგის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორმა ჰანგ სუნმა მოაწერეს, მიზანია სამეცნიერო და ტექნიკური ცოდნის გაცვლის მიზნით ჩარჩოს უზრუნველყოფა, ჩინეთსა და საქართველოში ერთობლივი საველე და ლაბორატორიული კვლევების, ასევე ერთობლივი სამეცნიერო ტრენინგებისა და ლექციების ჩატარებით მცენარეთა მრავალფეროვნებაში მხარეებს შორის სამეცნიერო უნარების განვითარების თვალსზრისით.

მემორანდუმი ითვალისწინებს საქმიანობის ისეთ სფეროებს, როგორიცაა სტუდენტების, დოქტორანტების და მოწვეული პროფესორების ტრენინგები და სამეცნიერო/ტექნიკური ინფორმაციის, მასალებისა და მკვლევარების/ტექნიკოსების გაცვლა; კოოპერაციული კვლევა მცენარეთა მრავალფეროვნების დარგში.

მემორანდუმის ფარგლებში, კვლევითი და საგანმანათლებლო თანამშრომლობა ითვალისწინებს შემდეგ აქტივობებს:

  1. კვლევითი და საგანმანათლებლო აქტივობები წარიმართება ჩინეთისა და საქართველოს ტერიტორიაზე;
  2. თითოეული მხარე დაასახელებს მთავარ მკვლევარებს და კვლევითი ჯგუფის წევრებს თანამშრომლობითი სახის საქმიანობაში მონაწილეობის მიზნით;
  3. თანამშრომლობის ფორმა, ხანგრძლივობა, ხარჯები და სხვა პირობები განისაზღვრება ერთობლივი კონსულტაციების საფუძველზე და შეთანხმებულ იქნება მხარეების მიერ. შესაბამისი სახსრების არსებობის შემთხვევაში, თითოეული მხარე, როგორც წესი, თავად გაიღებს კოოპერაციულ საქმიანობაში მონაწილეობის ხარჯებს. ხოლო რაც შეეხება ბოტანიკურ მასალებს, ორივე მხარე იხელმძღვანელებს ჩინეთსა და საქართველოში მოქმედი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად.
  4. კუმნინგის ბოტანიკურ ინსტიტუტი დახმარებას გაუწევს ქართველ მონაწილეებს საჭირო ნებართვების ორგანიზების კუთხით მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი კონკრეტული კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობის დროს. ბათუმის ბოტანიკური ბაღი კი ასევე დახმარებას გაუწევს ჩინელ მონაწილეებს საჭირო ნებართვების ორგანიზების კუთხით მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი კონკრეტული კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობის დროს, რომელიც მოითხოვება საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის/დატოვების დროს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ კვლევითი და საგანმანათლებლო თანამშრომლობის მსვლელობის მონიტორინგის მიზნით, რეგულარულად შეხვდებიან ერთმანეთს ყოველ ორ წელიწადში ან ერთობლივად შეთანხმებულ დროს.

აქტიური სამუშაო დღის ბოლოს, ჩინელმა კოლეგებმა დაათვალიერეს ბოტანიკური ბაღის ფლორისტული განყოფილებები, ადგილზე გაეცნენ ბაღის სამეცნიერო პერსონალის მუშაობის სპეციფიკას და პრინციპებს.