ჭარბი ნალექის შედეგად მეწყერი ჩამოწვა ბათუმის ბოტანიკური ბაღის სამხრეთ ამერიკის ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებაში, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ, რამაც დააზიანა მცენარეთა კოლექციაში არსებული ეგზემპლარები (ბრაზიული არაოკარია, პალმა ბუტიები, შინუსები და სხვა). მეწყერი მიახლოვებულია ცენტრალურ გზასა და ბაღის სატრანსფორმატორო ქვესადგურს. უსაფრთხოების გამო რამდენიმე საათის განმავლობაში ელექტრო ენერგიის მიწოდება შეეზღუდათ ბაღის ტერიტორიაზე მცხოვრებ ოჯახებსა და ბოტანიკური ბაღის სალაროებს, სათბურებსა ადმინისტრაციულ კორპუსს. ოპერატიულად შექმნილმა მუშა ჯგუფმა შეძლო მიწისქვეშ გამავალი ძირითადი კომუნიკაციების -ელექტრო სადენებისა და ოპტიკურბოჭკოვანი კაბელის დაცვა ასევე მოვარდნილი ნიაღავრის დროებით კალაპოტში ჩაგდება. დაზიანებულია წყალმომარაგების მილები. ბაღის ტერიტორიაზე რამდენიმე ადგილზე შეინიშნება ნიადაგის მცირე ზომის ჩამოწოლები. სტიქიის ადგილი მოინახულეს ქალაქ ბათუმის ვიცემერებმა ბ. მანველიძემ, ზ. ბერიძემ და ა. მითაიშვილმა. დილიდან დაიწყება სტიქიის ადგილის დეტალური აღწერა და სავარაუდო ზარალის დათვლა. ბაღის ტერიტორიაზე ოპერატიული ჯგუფი აგრძელებს მორიგეობას. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით უამინდობის გამო 3 ნოემბერს ბაღი დამთვალიერებლებისათვის დაიხურა.