მიმდინარე წლის 16-17 აგვისტოს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ ვილნიუსის (ლიეტუვა) სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკური ბაღის დენდროლოგები: ეგიდიუს კერბელისი (ჯგუფის ხელმძღვანელი), ვიტაუტას კუზმა, რაიმონდა სიმენაიტე და ნერინგა ლელიტე.

ვილნიუსელ კოლეგებს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში პროფესიონალური მეგზურობა გაუწიეს ბაღის ეგზოტურ მცენარეთა კოლექციის განყოფილების უფროსმა ჯულიეტა ჯაყელმა და განყოფილების კურატორებმა.

სტუმრები გაეცნენ ბაღის ფლორისტულ სიმდიდრეს ცალკეული ფიტოგეოგრაფიული განყოფილებების მიხედვით. განსაკუთრებული ინტერესი ჩრდილოეთი ამერიკის ეგზოტებისადმი გამოიჩინეს. კოლეგების ინტერესთა სფერო მოიცავდა ასევე ისეთ საკითხებს როგორიცაა ბაღის მეთესლეობის ფონდის მუშაობა, დენდროფლორის კვლევა, კოლექციების მოძიება და დოკუმენტირება, ასორტიმენტის შერჩევა, მათი გამოყვანა და დარგვების კოორდინირება, მოვლა-პატრონობის აგროტექნიკური ღონისძიებები, მცენარეთა დაცვა დაავადებებისა და მავნებლებისაგან.

17 აგვისტოს, დენდროლოგთა ჯგუფმა მონახულა მტირალას ეროვნული პარკი. მათ კვალიფიციური მეგზურობა გაუწია ადგილობრივი ფლორისა და კონსერვაციის განყოფილების უფროსმა ნინო მემიაძემ.

სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს ბაღის ადმინისტრაციას, საერთაშორისო პროგრამებისა და ურთიერთობების კოორდინატორს, ზურაბ მანველიძეს ვიზიტის ხელშეწყობისა და მხარდაჭერისათვის.