ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირაკლი არჩაია, დირექტორის მოადგილე ლევან აფხაზავა და საერთაშორისო ურთიერთობების და პროგრამების კოორდინატორი ზურაბ მანველიძე მიმდინარე წლის 11-17 სექტემბერს საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ცენტრალურ ბოტანიკურ ბაღში (ქ. ბაქო) და ნეზაჰათ გოკიგიტის ბოტანიკურ ბაღში (სტამბოლი, თურქეთი).

აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ცენტრალურ ბოტანიკურ ბაღში ვიზიტის პერიოდში გაიმართა შეხვედრა მის დირექტორთან, დოქტორ ვაჰიდ ფარზალიევთან და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელობასთან.

ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებში, მიმდინარე და მომავალი წლის პერიოდში განსახორციელებელ ღონისძიებებს შორის პრიორიტეტი მიენიჭა: ვარდების ჰიბრიდული ჯიშების კალმების და სარგავი მასალის მოწოდებას ბათუმის ბოტანიკური ბაღის ვარდების კოლექციისათვის, აშშ-ში კვალიფიცირებული სპეციალისტის მოვლინებას დენდროქრონოლოგიური ანალიზისათვის სათანადო მეთოდოლოგიის და კომპიუტერული პროგრამის გაზიარებისათვის და ერთობლივი ექსპედიციების განხორციელებას აჭარის ბოლქვოვან და დეკორატიული ღირსებებით გამორჩეული მცენარეთა სახეობების თესლების და სარგავი მასალის შეგროვებისათვის აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ცენტრალური ბოტანიკური ბაღის კოლექციისათვის.

ვიზიტის ფარგლებში, აგრეთვე შეხვედრა გაიმართა აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორთან, აკადემიკოს ვალიდა ალიზადესთან და მცენარეთა სისტემატიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელთან, დოქტორ ვუგარ ქარიმოვთან. შეხვედრისას გამოიკვეთა თანამშრომლობის პერსპექტივა კავკასიაში გავრცელებული გვარი „Nonea“-ს სახეობრივი მრავალფეროვნების და სისტემატიკის დაზუსტებისათვის ერთობლივი საპროექტო წინადადების მომზადების და დაფინანსები სათანადო წყაროს მოძიების თაობაზე.

ნეზაჰათ გოკიგიტის ბოტანიკურ ბაღში (სტამბული, თურქეთი) ვიზიტის პერიოდში, ბაღის დირექტორმა პროფესორმა, დოქტორმა ადილ გიუნერმა, ბათუმის ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლებს გააცნო და გაუზიარა გამოცდილება ბაღის ადმინისტრირების, მცენარეთა კოლექციების, თესლების ბანკის და ჰერბარიუმის ფონდის მართვის, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროგრამების წარმართვის და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით.

მიმდინარე წელს განსახორციელებელ ღონისძიებებს შორის გამოიკვეთა ბათუმის ბოტანიკური ბაღის ჰერბარიუმის ფონდის ორი წარმომადგენლის ვიზიტი ნეზაჰათ გოკიგიტი სბოტანიკურ ბაღში და გამოცდილების გაზიარება ჰერბარიუმის ფონდის მართვის სფეროში და მონაცემთა ელექტრონული ბაზის პროგრამის დაუფლება. ადილ გიუნერის დახმარებით, განხორციელდა საქმიანი შეხვედრა და დისკუსიები ლანდშაფტის არქიტექტორის და დიზაინის ცნობილ სპეციალისტთან რიკარდო დისპერატისთან. მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, რიკარდო დისპერატი ეწვევა ბათუმის ბოტანიკურ ბაღს და საფუძველი ჩაეყრება ბათუმის ბოტანიკური ბაღის ზღვისპირა პარკში ევროპული სტილის ბაღის დაგეგმარებას.

აღნიშნულმა ვიზიტებმა კარგი შესაძლებლობა მისცა ბათუმის ბოტანიკური ბაღს ურთიერთობის შემდგომი გაღმავებისათვის აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბოტანიკურ ბაღთან და ბოტანიკის ინსტიტუტთან, ნეზაჰათ გოკიგიტის ბოტანიკურ ბაღთან ბოტანიკურ ბაღებში მცენარეთა კონსერვაციის საერთაშორისო საბჭოს (BGCI) სტრატეგიული გეგმითა და სხვა პროგრამული დოკუმენტებით განსაზღვრული პროგრამების ფარგლებში.

ვიზიტის პერიოდში აგრეთვე გაიმართა შეხვედერები აზერბაიჯანის და თურქეთის რესპუბლიკების ბოტანიკური ორგანიზაციების და უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან.