დღეს, ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა.

ბაღის საკონფერენციო დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას ეს დღე მიულოცეს ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ერმაკოვმა და აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსმა ვახტანგ წულაძემ. შეკრებას ესწრებოდნენ ქ. ბათუმის ვიცე-მერები: ბაგრატ მანველიძე და ზურაბ ბერიძე.

ლექცია თემაზე - ,,ჩრდილოამერიკული ფლორის მრავალფეროვნება ბათუმის ბოტანიკურ ბაღში და მისი მნიშვნელობა გლობალური თვალსაზრისით“, წაიკითხა მცენარეთა ინტროდუქციის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა თამარ ცხოიძემ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა, სამხრეთ ამერიკის ფიტოგეოგრაფიული განყოფილების ტერიტორიაზე ერთობლივად დარგეს არაუკარიას (Araucaria araucana - ჩილის არაუკარია) ნერგები; აღნიშნული მცენარე, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ინტროდუცირებული იყო 1912 წელს, რომელიც გასული საუკუნის 50 -იან წლებში, მკაცრი ზამთრის შედეგად დაიღუპა. 2014 წელს მოხდა ამ უნიკალური, იშვიათი, „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობის რეინტროდუქცია.

ამ დღის აქტივობები დასრულდება ექსკურსიებით ინტროდუქციის ორანჟერეაში და ბაღის მთავარ მარშრუტზე.

ღონისძიებების პარალელურად, ქალაქის მერი, თანმხლებ პირებთან ერთად ადგილზე გაეცნო ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს. გიორგი ერმაკოვმა დაათვალიერა ზედა პარკის მუდმივმოყვავილე სკვერის ერთი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც გამაგრდა ფერდობები, მიმდინარეობს დეკორატიული ექსპოზიციების რეკონსტრუქცია, იკირწყლება ბილიკები, ირგვება ახალი, ერთწლოვანი და მრავალწლოვანი ნარგავები.

გიორგი ერმაკოვი იმყოფებოდა ზღვისპირა პარკშიც, სადაც უკვე დასრულდა საპიკნიკე სივრცესთან დამაკავშირებელი რკინა-ბეტონის საფარიანი გზის მშენებლობა; მთლიანი სივრცის მოწყობითი სამუშაოები მალე დასრულდება, სადაც გათვალისწინებულია ბავშვთა სათამაშო კუთხის მოწყობაც.

ქალაქის პირველმა პირმა მიიღო ინფორმაცია იმ სამუშაოების შესახებაც, რომლებიც ბაღის ადმინისტრაციას უახლოეს პერიოდში აქვს დაგეგმილი. ესენია: ზღვისპირა პარკის ცენტრალური ბილიკების მოწყობითი სამუშაოები, ბაღის დასვენებისა და თავშეყრის ადგილებში უფასო უსადენო ინტერნეტით სარგებლობა (რომელიც ზედა პარკში უკვე ხელმისაწვდომია), ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც მოხდება „ლაბორატორიული კორპუსისა“ და სალარო პუნქტების ინტერნეტით უზრუნველყოფა და სხვა.