26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა, წელს მეორედ, ვარდების გამოფენას უმასპინძლა.

ბოტანიკური ბაღის ვარდების საკოლექციო ნაკვეთში, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა ენახა გამოფენაზე წარმოდგენილი დეკორატიულ-ყვავილოვან მცენარეთა შორის ყველაზე მომხიბვლელი, მიმზიდველი, ლამაზი და სურნელოვანი ვარდის 17 სახეობა და 145 კულტურული ფორმა, რომელთაგან განსაკუთრებული დეკორატიული ღირებულებებით გამოირჩევიან: ჩაის ჰიბრიდები, პოლიანტები, მინიატურული, ხვიარა და ფლორიბუნდას ტიპის ვარდები.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ვარდის სახეობათა ინტროდუქცია დაარსებისთანავე, 1912-1914 წლებში დაიწყო, თუმცა როგორც ლიტერატურული წყაროებიდან ჩანს ვარდის ექვსი ჯიში: General Schablikine T; Marechal Niel T; Marie van Houtte T; Papa Kontier T; Paul Nobonand T; Ros de Nice T., ინტროდუცირებული იყო ჯერ კიდევ ბაღის დაარსებამდე 1908-1910 წლებში. ამათგან დღეს მხოლოდ ერთი ჯიშია შემორჩენილი Marechal Niel. T.

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ვარდების საკოლექციო ნაკვეთი 1959 წელს შეიქმნა, დაიწყო აქტიურად ვარდის ბიომორფოლოგიური და ეკოლოგიური თავისებურებების შესწავლის საფუძველზე, აჭარის ტენიან-კლიმატურ პირობებთან შეგუებული, ხანგრძლივად მოყვავილე, მავნებლებისა და დაავადებების მიმართ გამძლე ახალი ჰიბრიდული ფორმების შემოტანა და გამრავლება.

წლის ნებისმიერ დროს ვარდების საკოლექციო ნაკვეთზე მნახველი იხილავს მოყვავილე ინდივიდებს, თუმცა ყვავილობის პიკი, როცა ყველა ფერთა გამა ერთადაა წარმოდგენილი მაისიდან სექტემბრამდეა.

ვარდი დეკორატიული მებაღეობისათვის ერთ-ერთი გამორჩეული კულტურაა. ის გამოიყენება როგორც საქოთნე კულტურად, ასევე ბაღ-პარკების, საცხოვრებელი ეზოების, გზის პირების, ღობეების, ალპინარიუმების, ვერტიკალური გაფორმებისათვის.