2017 წლის 11 მარტს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს საქმიანი ვიზიტით ეწვია რუსეთის ფედერაციის მეცნიერებათა აკადემიის ნ. ვ. ციცინის სახელობის მთავარი ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილე, ლანდშაფტური არქიტექტურისა და დაგეგმარების ლაბორატორიის უფროსი, იაპონური ბაღების კურატორი, პროფესორი ელენა გოლოსოვა, რომელმაც სამუშაო შეხვედრა გამართა ბაღის ხელმძღვანელობასთან და დეპარტამენტების წარმომადგენლებთან.

14 მარტს, რუსმა კოლეგამ ბაღის ადმინისტრაციაში გააკეთა პრეზენტაცია თავისი გამოცდილების შესახებ იაპონური საბაღო ხელოვნების მიმართულებით და უშუალოდ სპეციალისტებთან ერთად იმსჯელა ბათუმის ბოტანიკური ბაღის იაპონური ბაღების რეკონსტრუქციის საკითხებზე.
სტუმრის ერთკვირიანი ვიზიტის მიზანია მეთოდოლოგიური მხარდაჭერა ბათუმის ბოტანიკური ბაღის იაპონური ბაღების რეკონსტრუქციისათვის საპროექტო წინადადებების მომზადებაში. აღნიშნული ვიზიტი აგრეთვე კარგ შესაძლებლობას იძლევა გამოცდილების ურთიერთგაზიარებისა და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობისათვის მცენარეთა კოლექციების გაცვლის, კონსერვაციული ღონისძიებების და ლანდშაფტურ - არქიტექტურული დაგეგმარების სფეროში.
ვიზიტის პერიოდში სტუმარი გაეცნობა ბაღის ბიბლიოთეკაში დაცულ მასალებს ბაღის ლანდშაფტური არქიტექტურის შესახებ; მონაწილეობას მიიღებს ბოტანიკურ ექსკურსიებში აჭარის ზღვისპირა ზონის ტყის ეკოსისტემებში.