დღეს, 21 თებერვალს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ, ქალაქ ბათუმის მერიის სახელით ბინის საკუთრების მოწმობები გადასცა ბაღის ტერიტორიაზე დროებით მცხოვრებ ოჯახებს, რომლებისთვისაც საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდ „ქართუ ჯგუფის“ დაფინანსებით, ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი აშენდა ქალაქ ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის №107 „ლ“-ში, სადაც გასულ წელს, ბაღის ტერიტორიაზე დროებით მაცხოვრებელმა 28 ოჯახმა დაიდო ბინა.

ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, ირაკლი არჩაიამ, საკუთრების მოწმობები 5 ოჯახს გადასცა, რომლებიც მალე დატოვებენ ბოტანიკურ ბაღში თავიანთ ამორტიზებულ საცხოვრებელ სახლებს და ახალმოსახლეობას კეთილმოწყობილ ბინებში იზეიმებენ.

ბოტანიკურ ბაღში კი რჩება კიდევ ექვსი ოჯახი, რომელთა განსახლების საკითხიც, ქალაქ ბათუმის მერიის შესაბამისი საბინაო კომისიის მიერ უახლოეს ხანში იქნება გადაწყვეტილი.

ბაღის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ ულოცავს ახალმოსახლეობას ბაღის ტერიტორიაზე მცხოვრებ ოჯახებს! უსურვებს ჯანმრთელობას და მრავალ სასიხარულო დღეებს!