ბათუმის ბოტანიკური ბაღი წელსაც აგრძელებს საგანმანათლებლო პროექტს - „უფრო ახლოს ბუნებასთან“, რომელიც გასულ წელს საკმაოდ წარმატებულად განხორციელდა. თავის დროზე, პროექტი მოწონებულ იქნა ბოტანიკურ ბაღებში განათლების შესახებ მე-9 საერთაშორისო კონგრესის (2015 წ.) მიერ (მისურის ბოტანიკური ბაღი, სენტ-ლუისი, აშშ).

საგანმანათლებლო პროექტის პირველი ეტაპი 2017 წლის 1 აპრილს დაიწყო და მასში ქ. ბათუმის კერძო და საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო დისციპლინებში აკადემიურად წარმატებული 80 მოსწავლე იღებს მონაწილეობას.

პროექტის მონაწილეებს ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის სახელით მიესალმა და წარმატებები უსურვა ბაღის დირექტორის მოადგილემ ბიძინა ფერცელიძემ. მოსწავლეებს საგანმანათლებლო კურსის პროგრამა გააცნო ბაღის ადგილობრივი ფლორისა და კონსერვაციის დეპარტამენტის უფროსმა დავით ხარაზიშვილმა.

პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება (გაზაფხული და შემოდგომა) და მიზნად ისახავს მოზარდ თაობაში ბიომრავალფეროვნების, ბუნებისა და გარემოს დაცვის პროპაგანდას, საბუნებისმეტყველო განათლების ხელშეწყობას. პროექტში ჩართული იქნება აჭარის კერძო და საჯარო სკოლების 160-მდე მოსწავლე, რომლებიც გადანაწილდებიან 8 სასწავლო ჯგუფში და გაივლიან 4 დღიან თეორიულ და პრაქტიკულ კურსს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში.

ბაღის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება გაზრდის ბათუმის ბოტანიკური ბაღის საგანმანათლებლო როლს, რაც მსოფლიო ბოტანიკური ბაღების საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს.