დღეს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ, ქალაქ ბათუმის მერის სახელით ბინის საკუთრების მოწმობები გადასცა ბაღის ტერიტორიაზე დროებით მცხოვრებ ოჯახებს, რომლებისთვისაც საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდ „ქართუ ჯგუფის“ დაფინანსებით, ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი აშენდა ქალაქ ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის №107 „ლ“-ში.

ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან დავითაძემ, საკუთრების მოწმობები ამჯერად 30 ოჯახს გადასცა, რომლებიც უახლოეს დღეებში დატოვებენ ბოტანიკურ ბაღში თავიანთ ამორტიზებულ საცხოვრებელ სახლებს და ახალ წელს ახალმოსახლეობას იზეიმებენ კეთილმოწყობილ ბინებში.

ბოტანიკურ ბაღში კი რჩება კიდევ ათამდე ოჯახი, რომელთა განსახლების საკითხიც, ქალაქ ბათუმის მერიის შესაბამისი საბინაო კომისიის მიერ უახლოეს დღეებში იქნება გადაწყვეტილი.

ბაღის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ ულოცავს ახალმოსახლეობასა და ამასთანავე, დამდეგ შობა-ახალ წელს ბაღის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა ოჯახს და უსურვებს ჯანმრთელობას და მრავალ სასიხარულო დღეებს!