დღეს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ზღვისპირა პარკში გაიმართა გირჩების ტრადიციული გამოფენა-გაყიდვა.

გამოფენა-გაყიდვამ უდიდესი ინტერესი გამოიწვია მოწვეულ სტუმრებში და ბაღის რიგით დამთვალიერებლებში, რომლებიც აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ იმ გარემოთი, რომელიც მათ გამოფენის ორგანიზატორებმა დაახვედრეს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 50-ზე მეტი სახეობის გირჩა. აქვე გაიმართა გირჩებისგან დამზადებული საახალწლო აქსესუარების გაყიდვა. გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებლებს ორგანიზატორები ბოტანიკურ ბაღში დამზადებული ფიჭვის მტვრით შეზავებული თაფლით, ტკბილეულით, უალკოჰოლო სასმელებითა და ჩაით გაუმასპინძლდნენ.

აღნიშნული გამოფენა-გაყიდვა განმეორებით 26 დეკემბერს, ბათუმში, ზვიად გამსახურდიას № 1/5-ში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიმართება.