მიმდინარე წლის 13 - 17 მაისს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ეგზოტურ მცენარეთა კოლექციის განყოფილების უფროსი ჯულიეტა ჯაყელი და ამავე განყოფილების ჩრდილოეთ ამერიკისა და მექსიკის მცენარეთა კოლექციის კურატორი მარიამ კანდელაკი მივლინებით იმყოფებოდნენ ბელარუსის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის მინსკის ცენტრალურ ბოტანიკურ ბაღში.

მინსკის ცენტრალური ბოტანიკური ბაღი ფლობს მდიდარ სამეცნიერო - კვლევით ბაზას მცენარეთა ინტროდუქციისა და აკლიმატიზაციის, მცენარეთა ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის, დეკორატიული მებაღეობისა და ლანდშაფტური არქიტექტურის და გარემოს დაცვის მიმართულებებით.

მინსკის ცენტრალურ ბოტანიკურ ბაღსა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ცალკეული მუხლები ითვალისწინებს ახალგაზრდა სპეციალისტთა სტაჟირებასა და გამოცდილების გაზიარებას. ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა გვარი შქერის (Rhododendron L.) ტაქსონთა ინტროდუქციის, კულტურაში ბიოეკოლოგიური თავისებურებების გაცნობა, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მოზარდი გვარი შქერის (Rhododendron L.) რთულად გასამრავლებელი, ერთეული ეგზემპლარების in vitro კულტურაში შეყვანა.

გაიმართა საქმიანი შეხვედრები მინსკის ცენტრალური ბოტანიკური ბაღის დირექტორთან, ბელორუსიის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტთან - ვლადიმირ ტიტოკთან, დირექტორის მოადგილესთან სამეცნიერო დარგში ივან ვოლოდკოსთან, რომელიც ამასთანავე დოქტორანტ მარიამ კანდელაკის სამეცნიერო კონსულტანტია, სწავლულ მდივართან - ლიუდმილა გონჩაროვასთან და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან.

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, მცენარეთა ბიოქიმიის და ბიოტექნოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა - ბელორუსიის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტმა ვლადიმირ რეშეტნიკოვმა და სამეცნიერო პერსონალმა - ვერონიკა ფილიპენიამ და ოლგა ჩიჟიკმა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე გამოთქვეს მზაობა ბათუმის ბოტანიკური ბაღში მოზარდი იშვიათი და ერთეული ეგზემპლარებით წარმოდგენილი გვარი შქერის (Rhododendron L.) გამრავლების მხრივ პრობლემური მცენარეთა სახეობების in vitro კულტურაში მიკროკლონალური გამრავლების გამოცდილების გაზიარებისათვის. მცენარეთა მიკროკლონალური გამრავლების ტექნოლოგიის სრულყოფისათვის აუცილებელია კვლევების გააქტიურება, ოპტიმალური და სრულყოფილი პირობების შემუშავება, რაც საწინდარი იქნება მცენარეული უჯრედის მორფოგენეტიკური თავისებურებების წარმატებით რეალიზაციისათვის.

მინსკის ცენტრალური ბოტანიკური ბაღიდან ბათუმის ბოტანიკური ბაღის დეკორატიული მებაღეობის კოლექციებს შეემატა გვარი ზამბახის, ჰემეროკალისის, ქრიზანთემის, ვარდის საბაღო ფორმების 24 ტაქსონის 24 ძირი ცოცხალი მცენარე.

ეგზოტურ მცენარეთა კოლექციის განყოფილების კოლექციებისათვის შემოტანილია გვარ შქერის (Rhododendron L.) კოლექციისათვის ახალი 30 ტაქსონის 115 ძირი, არომატული, წყლის დეკორატიული მცენარეების 10 სახეობის 46 ძირი ცოცხალი მცენარე.

სამეცნიერო ბიბლიოთეკისათვის ჩამოტანილია 4 დასახელების ღირებული ბეჭდური მასალა, რომელიც გადაეცა ბიბლიოთეკის ფონდს.